ახალი ამბები

ქარტია გმობს პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ

17 თებერვალი, 2021 • 835
ქარტია გმობს პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ჟურნალისტებისადმი ბოლო პერიოდში გახმიანებულ განცხადებებს. ორგანიზაცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს მედიის საქმიანობის ნეგატიურად შეფასების შემთხვევებს, რაც განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირდა.

“16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში”.

ამავე დღეს, პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ ცილისწამების შესახებ კანონის მიღება მოითხოვა.

17 თებერვალს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “პარტიულმა ტელევიზიებმა ბილწსიტყვაობის დამკვიდრება სერიალებიდან დაიწყეს, რითიც საზოგადოების “ყური შეაჩვიეს” ენის შეურაცხყოფას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტიას მიაჩნია, რომ თანამდებობის პირების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა, წაახალისოს ძალადობა ჟურნალისტების მიმართ.

“ქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ გააღრმაონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას”, — ამბობს ორგანიზაცია.

“ბილწსიტყვაობისთვის ყურის შეჩვევა სერიალებით დაიწყო” – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი