ახალი ამბები

ქუჩებს ტექნიკურ მარილს მოვაყრით – კალაძე

17 თებერვალი, 2021 • 1243
ქუჩებს ტექნიკურ მარილს მოვაყრით – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თოვლის გამო ქუჩებს ტექნიკურ მარილს მოაყრის.

დღეს დილიდან მოქალაქეების სოციალურ ქსელში წერენ, რომ თოვლის გამო ზოგიერთ გზაზე გადაადგილება შეუძლებელია. მათი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ რიგ დიდ საავტომობილო გზაზე არ ყრია ტექნიკური მარილი.

პარალიზებულია მთელი ვაშლიჯვარი, ვერც სასწრაფო მოძრაობს და ვერც ავტობუსები და თბილისის მერია / Tbilisi City Hall თავში რა გიდევთ? კი ვიცი რაც, მარა ასე საჯაროდ ვერ დავწერ მაინც ??

Posted by Nino Bachilava on Tuesday, 16 February 2021

„გუშინ ღამიდან მოყოლებული თბილსერვისის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაემბებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაზე, ეს პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ ასევე თქვა, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე იმიტომაც შეიქმნა საცობები, რომ გზები იმ ავტომობილებმა ჩახერგეს, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ.

საცობი თოვლის გამო ვარკეთილში. 2021 წლის 17 თებერვალი

„მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, რომ თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავოთ მოძრაობისგან, ვინადაინ ეს გარკვეულ პრობელემბს უქმნის მოძრაობას“, – განმარტავს კალაძე.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, საქართველოს ყველა რეგიონში მოთოვს. სააგენტოში ამბობენ, რომ მეტეოროლოგიური პირობების ცვლილება არქტიკული ცივი ჰაერის მასებით არის განპირობებული.

თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათია გადაუღებლად თოვს. უწყების ინფორმაციით, გუდაურში თოვლის საფარი 170 სმ-ს აღწევს, მესტიაში — 86-ს, შოვში — 58-ს, ბაკურიანში — 18-ს, რიკოთზე კი — 10-ს. სტეფანწმინდაში საფარი 40 სმ-ია, მაშინ, როცა 16 თებერვლის დილით  სულ 2 სმ-ს აღწევდა.

დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველა რეგიონში მოთოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი