ახალი ამბები

დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველა რეგიონში მოთოვს

17 თებერვალი, 2021 • 983
დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველა რეგიონში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, საქართველოს ყველა რეგიონში მოთოვს. სააგენტოში ამბობენ, რომ მეტეოროლოგიური პირობების ცვლილება არქტიკული ცივი ჰაერის მასებით არის განპირობებული.

თბილისსა და რეგიონების ნაწილში, რამდენიმე საათია, გადაუღებლად თოვს. უწყების ინფორმაციით, გუდაურში თოვლის საფარი 170 სმ-ს აღწევს, მესტიაში — 86-ს, შოვში — 58-ს, ბაკურიანში — 18-ს, რიკოთზე კი — 10-ს. სტეფანწმინდაში საფარი 40 სმ-ია, მაშინ, როცა 16 თებერვლის დილით სულ 2 სმ-ს აღწევდა.

“დილის საათებში, მაგალითად, თოვა დაიწყო თბილისში, მაგრამ ამ დროს რუსთავში წვიმდა. ჯერჯერობით არ არის გავრცელებული ეს სიცივე. ამიტომ, დღეს ჩავთვალოთ, რომ ყველგან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ზოგან ძლიერიც. ნალექის ინტენსივობა დღის ბოლოსთვის ზოგიერთ რაიონში შესუსტდება”, – აღნიშნავს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.

❄️ თბილისში, რამდენიმე საათია, გადაუღებლად თოვს ❄️

☃️ გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოებიც?

© Netgazeti

Posted by Netgazeti on სამშაბათი, 16 თებერვალი, 2021

მისივე თქმით, თოვის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში დაიკლებს, თუმცა სრულად გამოდარება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. დაბალი ტემპერატურა და სიცივე მიმდინარე კვირის მანძილზე შენარჩუნდება.

დოდო გვაზავას თქმით, თოვის ინტენსივობის შემცირებასთან ერთად, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 0-5° იქნება, ღამით კი — -1-დან +4°-მდე. მისივე ინფორმაციით, დასავლეთის დაბლობ რაიონებში ყინვა განსაკუთრებით გაძლიერდება 19 თებერვლის ღამით და შესაძლოა, ზოგან ტემპერატურა -1-დან -6° იყოს.

“გზებსა და უღელტეხილებზე, როგორც ჩანს, რთული საგზაო სიტუაციები იქნება, გამომდინარე ამინდიდან და თოვლის რაოდენობის მხრივ”, – აღნიშნავენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი