ახალი ამბები

ჩიგოგიძე უარყოფს, რომ მელიას მის წინააღმდეგ ხმის არმიცემას შეჰპირდა

16 თებერვალი, 2021 • 1060
ჩიგოგიძე უარყოფს, რომ მელიას მის წინააღმდეგ ხმის არმიცემას შეჰპირდა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე უარყოფს, რომ ნიკა მელიას მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე ხმის არმიცემას შეჰპირდა. როგორც ჩიგოგიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მელიასთვის მსგავსი დაპირება არ მიუცია.

“ამ განცხადებაში ლოგიკა არსებობს? მე დავურეკე და ვუთხარი, რომ შენ წინააღმდეგ ხმას არ მივცემ-მეთქი? რატომ დავურეკავდი? იქით თუ დაგირეკავს და გეტყვის, რომ ჩემ წინააღმდეგ არ მისცე ხმაო. ე.ი. მელიამ განაცხადა, რომ მე ავდექი, დავურეკე, მოვნახე და ვუთხარი, რომ მე შენ წინააღმდეგ არ მივცემ ხმასო და გავუთიშე? შეპირება მივეცი და ექვსჯერ დავურეკე მაგისთვის? რამე ვალი მქონდა მელიასი? რამე ვალდებულება მქონდა თუ რატომ უნდა გამეკეთებინა? აზრი რა აქვს ჩადებული? შეიძლება ადამიანმა დაგირეკოს და ასეთი რამ გითხრას, მერე მივედი დღეს და მივეცი ხმა?”, — აცხადებს ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძის თქმით, მელიას დაუკავშირდა, თუმცა იმის სათქმელად, რომ მასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.

“გუშინწინ ნიკა გვარმიასთან გადაცემაში იყო ნიკა მელია და იქ განაცხადა, რომ როგორ უნდა მისცენ ხმაო, იქ ვასიკო არის გურიის დეპუტატიო და მე ვფიქრობ, არ მისცემს ხმასო. მერე მომმართა ტელევიზიიდან და მითხრა, რომ ვასიკო, არ დააჭირო და არ მისცე ხმაო… ასე მომმართა ტელევიზიიდან ამ ადამიანმა გუშინწინ. ნომერიც არ ვიცოდი, დავიწყე ძებნა, დავურეკე ჩემს მეგობარს და ვუთხარი, ნომერი მითხარი-მეთქი. ვრეკე, ვრეკე, არ აიღო. დავურეკე მის ადვოკატს და ვუთხარი, რომ ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს-მეთქი. რაზე ვურეკავდი, ვუთხარი. ველაპარაკეო, მითხრა, ახლა საქმეები მაქვს, ვერ ველაპარაკებიო და ხვალ ვნახოთ, რას იზამს ვასიკოო და მერე დაველაპარაკებიო. ე.ი. დამავალდებულა. მერე მივწერე, ვაჟკაცი კაცი ხარ და შეხვედრა მინდა, რას ნიშნავს შენი საქციელი, თუ ჩემთან რამე გინდა-მეთქი, ჩემი ტელეფონი გაიგე, დამირეკე და მითხარი, რა გინდა-მეთქი. ამ მიზნით ვეძებდი, რომ მეთქვა, რომ არასწორი საქციელია, რაც იმ გადაცემაში გააკეთა. ვუთხარი, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი და გამითიშა ტელეფონი და არ მაცადა საუბარი. მერე დამირეკა უზრდელური სიტყვებით და მეტი საუბარი არ გვქონია საერთოდ”, — ამბობს ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძე ასევე უარყოფს იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობიდან” აპირებდა მაჟორიტარად კენჭის ყრას.

“ნაციონალებიდან” როგორ უნდა მეყარა კენჭი? ორჯერ დამიჭირეს “ნაციონალებმა”. 2003 წელს ვიყავი ჩოხატაურიდან დეპუტატი. იმ დღიდან მოყოლებული სისხლი მქონდა გამშრალი “ნაციონალებისგან”. ჩემთან მართლა იყო მოსული[ნიკა მელია] და მითხრა, რომ თუ აპირებ კენჭისყრასო.მე პატივს ვცემდი მაგ ადამიანს და ვუთხარი, ნიკა, შეიძლება, შენ პიროვნულად ახალგაზრდა კაცი ხარ, შენ რომ გქონდეს პარტია, შეიძლება მეფიქრა, მაგრამ “ნაციონალებისგან” კენჭს როგორ ვიყრი, როგორ ფიქრობ-მეთქი და მეტი საუბარი არ ყოფილა ჩვენს შორის საერთოდ”, — აცხადებს ვასილ ჩიგოგიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებადმდე ერთი დღით ადრე “ქართული ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა.

მელიას თქმით, ჩიგოგიძემ უთხრა, რომ მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერდა. ამის შესახებ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ამასთან, მელიას თქმით, გადაწყვეტილი იყო, რომ ჩიგოგიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც მელია ამბობს, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ჩიგოგიძემ “ქართულ ოცნებაში” გადაინაცვლა და მაჟორიტარობის კანდიდატადაც მათ წარადგინეს.

“ჩიგოგიძემ დამირეკა გუშინ, მე თითს არ მივაჭერო” — მელია “ოცნების” დეპუტატზე

მასალების გადაბეჭდვის წესი