ახალი ამბები

მოვუწოდებთ პარლამენტს, მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, თანხმობა არ გასცეს -TI

16 თებერვალი, 2021 • 368
მოვუწოდებთ პარლამენტს, მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, თანხმობა არ გასცეს -TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო პარლამენტს მოუწოდებს, თანხმობა არ გასცეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. პარლამენტის მიერ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობა, TI-ის განცხადებით, გზას ხსნის ენმ-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისკენ.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მელიას საქმის შეფასება მხოლოდ ერთი საპროცესო ღონისძიების ჭრილში არ უნდა მოხდეს და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

“შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე”,-წერია TI-ის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გააღმავებს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, არ გასცეს მელიას პატიმრობაზე თანხმობა:

“პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა.  შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების  პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი