ახალი ამბები

სუბარი: ნიკა მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას აპირებს

16 თებერვალი, 2021 • 497
სუბარი: ნიკა მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და დესტრუქციული პროცესების გამოწვევას აპირებს.

სუბარის თქმით, აქვს ინფორმაცია ენმ-ის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ.

“ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს. “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაიკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს”, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ “დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და, როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება”.

“ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც, როგორც ყოველთვის, მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი