ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა საფუძველი ჩაუყარა სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას

16 თებერვალი, 2021 • 1559
ალიევმა საფუძველი ჩაუყარა სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას

14-15 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მეუღლესთან და ვიცე-პრეზიდენტთან, მეჰრიბან ალიევთან და ქალიშვილთან ლეილა ალიევასთან ერთად, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს სტუმრობდა.

ვიზიტის დროს ილჰამ ალიევმა საფუძველი ჩაუყარა ჰორადიზ-აღბანდის სარკინიგზო გზის მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის საზღვართან დააკავშირებს. ჰორადიზი ფუზულის რაიონში, ხოლო აღბანდი – ზანგილანში, სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს.

მშენებარე სარკინიგზო ხაზი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიაზე გადის.

ალიევების ოჯახმა ასევე მოინახულა ფუზულის, ზანგილანის, ლაჩინისა და ჯაბრაილის რაიონებში მიმდინარე მშენებლობები.


2021 წლის 11 იანვარს, მოსკოვში ვიზიტისა და ნიკოლ ფაშინიანთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებით შესაძლებელი იქნებოდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაკავშირებოდა რუსეთის ფედერაციასა და ირანს. ასევე, აზერბაიჯანი დაუკავშირდებოდა სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთს, ხოლო რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს შეურთდებოდნენ.

აღნიშნულ საკითხზე მეტის გასაგებად გირჩევთ ორ მასალას ნეტგაზეთის არქივიდან:

პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივი განცხადება – რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება

მასალების გადაბეჭდვის წესი