ახალი ამბებიკომენტარი

ბავშვებზე ჩუმი ძალადობა და მისი აგენტები

15 თებერვალი, 2021 • 2504
ბავშვებზე ჩუმი ძალადობა და მისი აგენტები

ავტორი: თაკო გეგელია, იურისტი

15 წლის გოგო მოიტაცეს მისთვის უცნობმა ადამიანებმა. ერთერთს მისი ცოლად მოყვანა სურდა. წაიყვანეს ქალაქისგან მოშორებით, დაზარალებულისთვის სრულიად უცხო ადგილას. შემდეგ მასთან ერთერთმა (ვისაც მისი ცოლად მოყვანა სურდა) გააუპატიურა. პირი დაისაჯა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა (მუხ. 143) და გაცილებით მსუბუქი დანაშაულისთვის, ვიდრე გაუპატიურებაა, კერძოდ, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი მისივე თანხმობით (მუხ.140), მაშინ, როცა გარემო ფაქტორები, ის, რომ ბავშვზე იძალადეს, იძულებით გადააადგილეს, წაიყვანეს უცხო ადგილას მისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა, იმაზე მიუთითებდა, რომ ნების დამთრგუნველი გარემო იყო.

მოსამართლემ და პროკურორმა, რომელთაც იურიდიული განათლება აქვთ, ამ საქმეში ვერ დაინახეს ბავშვის გაუაპატიურება, მას არ მიანიჭეს გაუპატიურების მსხვერპლის სტატუსი. წარმოგიდგენიათ? დამფრთხალი პატარა გოგო, სამი კაცის გარემოცვაშიიზოლირებულ ადგილას, სადაც დაყვირებასაც არავითარი აზრი არ აქვს. პროკურორმა და მოსამართლემ, იმიტომ, რომ სხეულზე ძალადობის კვალი არ ჰქონდა, .. გინდოდა კიდეცო.

მოკლედ რომ გითხრათ, ესაა ქართული სამართალი გაუპატიურების გაგებასთან დაკავშირებით დღეს, 21- საუკუნეში, როცა სხვადასხვა იურისდიქციაში აქტიურად მიმდინარეობს პატრიარქალური სისხლის სამართლის რეკონცეპტუალიზაცია.

ეს საქმე 2004 წლით თარიღდება, ხოლო შემთხვევა 2003 წელს მოხდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ შემზარავი ისაა, რომ დღემდე ძალაშია გაუპატიურების შეფასების ის სტანდარტი. გაუპატიურების ამოსაცნობად კვლავ დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე კეთდება აქცენტი. სხეულით უნდა დაამტკიცოს, რომ იძალადეს მასზე და ისიც პატიოსნების დასაცავად წინააღმდეგობას სწევდა.

მსგავსი საქმეების უმეტესობა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლის და მოძალადის ქორწილით სრულდება. ამას პროკურორი ადრე 1998 წლის საპროცესო კოდექსით აგვარებდა, კერძოსაჯარო დევნით, რომლის დაწყება დაზარალებულის საჩივარს ემყარებოდა და უკანასკნელის არარსებობა დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძველი იყო. ქალის მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით, რომელიც მსუბუქად ისჯებოდა და გაუპატიურების კერძოსაჯარო დევნის კატეგორია, სრულად ერგებოდა ძალადობრივი კულტურას. ამ ძალადობრივ კულტურას მრავალი აგენტიყავს დღესაც, სკოლაში, ოჯახში, უმაღლეს სასწვალებლებში, სამეზობლოში და სხვა. ამ მიმოხილვაში გამოყენებული ტერმინი – ,,აგენტები’’ კონკრეტული ძალადობის უშუალო მონაწილეებს გამოხატავს.

ზემოთ მოყვანილ საქმეში მოძალადეებთან ერთად ძალადობის აგენტი, რა თქმა უნდა, არის პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე. მსგავსი მიდგომა სისხლის სამართალს უკარგავს დაცული ინტერესის დამცავ და აკრძალული ქმედების პრევენციულ ფუნქციას, ასეთ პირობებში ძალადობა განგრძობადი სახით წრეზე ტრიალებს.

რატომ დავიწყე ამ საქმით საუბარი? რამდენიმე დღის წინ 14 წლის გოგომ თავი მოიკლა, ამ ქმედებას, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მისი გაუპატიურება და ოჯახის მხრიდან ძალადობა. გარდაცვლილი გოგოს ბაბუა თვითმკვლელობას ისე განიხილავს, როგორც ,,ოჯახის ღირსების’’ ჩამორეცხვის აქტს. ძველად გაუპატიურებისგან დაცული იყო არა ქალი არამედ ქმრის ან მამის ღირსება და ქონება. ბაბუის კომენტარი ზუსტად იმ არქაული წარმოდგენების ანარეკლია, რომელიც დღემდე არის ფესვგამდგრი საზოგადოებაში.

დღეს 2010 წლის საპროცესო კოდექსია ძალაში. გაუპატიურება კერძოსაჯარო დევნას არ ექვემდებარება, დევნა საჯაროა და მისი დაწყებაარდაწყება მხარეთა მორიგებაზე არაა დამოკიდებული. დღეს მოქმედი სსკით გაუპატიურებისგან დაცულია ადამიანის სექსუალური ავტონომია (ბავშვის შემთხვევაში ასევე ხელშეუხებლობა) და არა მსხვერპლის ბაბუის ან ბიძაშვილის ,,პატივი’’. მაგრამ ქართულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ოდნავ ჩახედილი ადამიანიც კი გეტყვით, რომ დიდი არაფერი შეცვლილა, მიდგომები ფორმალურად შეიცვალა. დღესაც გაუპატიურება უფრო მსუბუქი მუხლით ფასდება, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ საქმეში მოხდა. ყველაფერი კი საპროცესო შეთანხმებითმოძალადე და მსხვერპლი სიძეპატარძლის დალოცვით გვირგვინდება. რაც მსჯავრდებულის რეალური სასჯელისგან გათავისუფლებას და პირობით მსჯავრდებას ნიშნავს აქ.

ყოველ ახალ ფაქტზე შეშფოთების საპასუხოდ სახელმწიფო ქმნის ახალ დეპარტამენტს შსსში, პროკურატურაში. ახალი ოფისები და პოზიციები, მაღალი ხელფასებით, მაგრამ არსობრივად არაფერი იცვლება. იმიტომ, რომ რეალური ნება არ არსებობს. რიგითი მხდალი და კონფორმისტი პროკურორიც იმ კულტურის ხელის ბიჭია (ასეთი პროკურორი გოგოებიც ბევრი გვყავს), რომელიც გაუპატიურებას ამართლებს.

ახალ საქმეში ბავშვი გაუპატიურების (მუხ. 137) მსხვერპლია ან მის მიმართ თანხმობის ასაკს მიუღწეველთან სექსის ამკრძალავი ნორმაა (მუხ.140) დარღვეული. მკითხველს შეიძლება დააინტერესოს, თუ  რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება უკანასკნელი ნორმა.  სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით თანხმობის ასაკი საქართველოში, სხვა ბევრი იურისდიქციის მსგავსად, 16 წელია (მუხ. 140). არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება 16 წლამდე ადამიანი სრულწლოვანთან ურთიერთობის დროს ბოლომდე თავისუფალი არ იყოს ინტელექტუალური თუ ემოციური განვითარების დონიდან გამომდინარე, ამიტომ საეჭვოა მისი თანხობა. 16 წლამდე ბავშვების სექსუალური ავტონომია დაცულია ერთი ასაკის პირებთან (ან მიახლეობული ასაკის), მაგრამ სრულწლოვნებთან ეს უფლება იზღუდება, აქ სამართალი პატერნალისტურია, რასაც ჯოელ ფაინბერგი რბილ პატერნალისტად მოიხსენიებს და ყველა გავლენიან ლიბერლურ აკადემიურ ტექსტში თუ სამართალში ის გამართლებულია. გამართლება ემყარება იმ აზრსაც, რომ ასაკობრივი განსახვავების გამო არასრულწლოვნის ნებით მანიპულირება უფრო იოლია, ასევე, ასეთი ნორმა ბავშვებს აძლიერებს იქ, სადაც უარის თქმის ერიდებათ, მოიშველიონ ნორმა, რომელიც მათთან სექსს კრძალავს. თანახმობის ასაკი რომ 16 წელია, ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ არის ინდივიდუალური შემთხვევები, სადაც 16 წლამდე ბავშვი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში 16 ან მეტი ასაკის ადამიანი. კი, შეიძლება, მათემატიკური სიზუსტით და ფორმულებით ვერ გამოვთვლით, მაგრამ ამის ზუსტი დადგენა ყოველ კონკრეტულ შემთავევაში ასევე მანიპულაციური ხდება, რისკის ქვეშ კი დიდი ინტერესი ექცევაბავშვის ფსიქიკა, მისი თავისუფლება. ასეთი წელვადი ნორმა რომ ისევ მოძალადე კულტურის სასარგებლოდ მუშაობს, ამის ,,კარგი’’ მაგალითია ალბანეთი, რომლის კანონმდებლობითაც თანხმობის ასაკის ზღვარი არაა ფორმაურად განსაზღვრული (სექსუალაური სიმწიფის მიღწევითაა განსაზღვრული), რის გამოც ხშირად ექცევა ბავშვის უფლებათა ხელყოფის გამო საერთაშორისო ორგნიზაციების ყურადღების ქვეშ. საქართველოშიც, სადაც პატრირქალური ცნობიერება დომინანტობს, თანხმობის ასაკის განმსაზღვრელი ნორმა განსაკუთრებით საჭიროა, რადგან როგორც ზემოთ გითხარით, გაუპატიურებად შეფასების მკაცრი და დისკრიმინაციული სტანდარტია, ხოლო სადაც ბავშვი 16 წლამდეა, მოძალადე შეიძლება დაუსხლტეს გაუპატიურებით გასამართლებას, მაგრამ ვერ დაუძვრება 140- მუხლს.

ახლა მთავარ საკითხზე გადავიდეთ, ბავშვი მოკვდა. ის თვითმკვლელობამდე სავარაუდოა, რომ მიიყავნეს კონკრეტულმა ადამიანმებმა. გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანასთან შესაძლოა კავშირში იყოს ოჯახში ძალადობა, რაზეც მოწმემ ისაუბრა ჟურნალისტებთან საუბარში. თვითმკვლელობამდე მიყვანასთან ასევე სავარაუდოა, რომ იყოს სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა (პოლიციელი, პროკურატაურა, სოციალური მუშაკი), რაზეც ასევე ფაქტები და მოწმეთა ინტერვიუები მიუთითებს. ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებდა და მეგობრული თანადგომა, რომელიც ვერც ერთი ამ აგენტისგან ვერ მიიღო, რომელსაც ხმა უშუალოდ ბავშვმა მიაწოდა. აგენტებმა მისთვის ვერ მოიცალეს. ამას დანამდვილებით გამოძიება აჩვენებს.

ყველა ეს აგენტი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, გარანტის ფუნქციის მატარებელია მსხვერპლის მიმართ. ეს რას ნიშნავს? არიან ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ხელშეკრულებით, კანონით, პროფესიით მსხვერპლის დაცვაზე სპეციალური მოვალეობა აქვთ აღებული, მათ ხელფასებს ამაში უხდიან. რაც აქამდეც ინფორმაცია გახმიანდა და ვიცით, მათ ეს პირობა დაარღვიეს, საზოგადოების მოლოდინი ვერ გამართლეს. თუ ეს ფაქტები დადგინდება, ყველა ეს აგენტი უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის წესით, სადაც დანაშაულის ნიშანია. პირველ რიგში, რისი იდენტიფიცირებაც შეიძლება, ეს სამსახურებრვიი გულგრილობაა, დანარჩენს მეტი ფაქტი აჩვენებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაცით, სავარაუდოა, რომ ბავშვზე იძალადა ოჯახის წევრებმაც, რაც ასევე არ უნდა დარჩეს გამოძიების მიღმა. 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გოგოების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ გამოძიებას არ მოჰყოლია ისეთი მასშტაბური გამოსვლები, როგორიც სამართლიანად მოჰყვა, მაგალითად, ქუჩური გარჩევების დროს მოკლული ბავშვის საქმეს (ხორავას საქმე), რაც სამწუხაროა. განსხვავებით სხვა ბევრი ქვეყნისგან, მაგალითად, ინდოეთსა და პაკისტანში, სადაც სააქართველოს მსგავსად გოგოებზე ძალდობის კუთხით ნამდვილი ეპიდემიაა, ამ ქვეყნებში მასობრივი გამოსვლები/დემონსტრაციები ჩატარდა გოგოების მხარდასაჭერად, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდნენ, პროტესტი არაეფექტურ გამოძიებას მიემრთებოდა და ზოგადად, მოძალადე კულტურის შეცვლას. ჰოდა, რა ხდება საქართველოში?


ავტორის შესახებ: თაკო გეგელია სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამჟამად –  პოსტსადოქტორო მკვლევარი. შვეიცარია, ბერნის უნივერსიტეტი – Post-Doc (ESKAS Swiss Government Excellence Scholarship).


მასალების გადაბეჭდვის წესი