ახალი ამბები

ზაზა გახელაძე ცხინვალში განაჩენს არ გაასაჩივრებს

15 თებერვალი, 2021 • 1393
ზაზა გახელაძე ცხინვალში განაჩენს არ გაასაჩივრებს

ზაზა გახელაძე არ გაასაჩივრებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც, 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს დაკავებული მოქალაქის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გუშინ ღამით გახელაძის ადვოკატმა შეატყობინა.

ბუთხუზი ამბობს, რომ ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება ზაზა გახელაძემ თავად მიიღო, თუმცა მისთვის უცნობია აღნიშნულის მიზეზი.

გახელაძის ცოლი” ნეტგაზეთთან” ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322]  [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით].

ზაზა გახელაძეს ცხინვალში 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი