ახალი ამბები

ჯაფარიძის თქმით, მისი ბარი დღესაც გაიხსნება

14 თებერვალი, 2021 • 672
ჯაფარიძის თქმით, მისი ბარი დღესაც გაიხსნება

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბარი, რომლის გამოც გუშინ შრომის ინსპექციამ დააჯარიმა, დღესაც გაიხსნება:

“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება.”

პარტიის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ლიდერი აცხადებს, რომ 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და არც შესაბამისი ქვითარი ჩაიბარა. ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ხელმეორედ დარღვევა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. როგორც “ტვ პირველს” ჯაფარიძემ უთხრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმაც გააფრთხილეს, თუმცა მაინც ამბობს რომ ბარი “ჯაფარასთან” მუშაობას გააგრძელებს:

“როგორც გუშინ გამაფრთხილეს განმეორების შემთხვევაში ანუ თუ ბარი მუშაობას გააგრძელებს, უკვე სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული. ბარი ცხადია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. ველოდები უნდა მოვიდნენ და მითხრან რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამას მსვლელობა მისცენ. კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგავენ არ ვიცი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბარი მუშაობას გააგრძელებს თუ მე არ დამაკავეს”.

ჯაფარიძემ ბარი, სახელწოდებით “ჯაფარასთან”, 13 თებერვალს გახსნა. მისი თქმით, ბარის გახსნა იყო “პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი”, მიმართული “კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

შრომის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ბარში 14 თებერვალს, დაახლ. 00:10 საათზე გამოჩნდნენ. ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, ბარების ფუნქციონირება მიმდინარე პერიოდში ნებადართული არ არის.

რეგულაციების დარღვევით ბარის გახსნის გამო ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი