ახალი ამბები

ტრამპის მეორე იმპიჩმენტი დასრულდა — სენატმა იგი დამნაშავედ არ სცნო

14 თებერვალი, 2021 • 1063
ტრამპის მეორე იმპიჩმენტი დასრულდა — სენატმა იგი დამნაშავედ არ სცნო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაამართლა. სენატორების უმრავლესობამ პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო, მაგრამ მისი გამტყუნებისთვის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა 2/3-ის, ანუ 66 სენატორის ხმა იყო საჭირო.

ტრამპი დამნაშავედ მიიჩნია დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა. მათ შვიდი რესპუბლიკელი შეუერთდა — ბილ კესიდი, რიჩარდ ბარი, მიტ უილარდ რომნი, სიუზან კოლინზი, ბენ სასე, პეტ ტუმი და ლიზა მურკაუსკი. მთლიანობაში, ტრამპის დამნაშავედ ცნობას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა.

აქამდე, წარმომადგენელთა პალატამ მას უკვე მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი.

გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპმა არჩევნებში მარცხი განიცადა და ამ წლის 20 იანვარს თეთრი სახლი დატოვა, სენატში მისი თანამდებობიდან ჩამოშორების საკითხი აღარ წყდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სენატი ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევდა, იგი ყოფილი პრეზიდენტის პრივილეგიებს დაკარგავდა; უფრო მეტიც, შესაძლებელი გახდებოდა მომავალში მისთვის თანამდებობის დაკავების აკრძალვა — ამგვარად, ტრამპი, მაგალითად, ვეღარ იყრიდა კენჭს პრეზიდენტობისთვის 2024 წელს.

რაში ადანაშაულებენ ტრამპს?

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ტრამპი დემოკრატ ოპონენტთან — ჯო ბაიდენთან დამარცხდა. თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მარცხის აღიარებაზე. მისი განცხადებებით, არჩევნები გაყალბდა. 6 იანვარს, როცა კონგრესის ორივე პალატის სხდომას ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინა, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. თავად ტრამპმა მათ ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ იმავე განცხადებაში ამ ადამიანებს „დიდი პატრიოტები“ უწოდა და კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

მოვლენების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, ტრამპი უმსხვილესმა სოციალური მედიის პლატფორმებმა დაბლოკეს. იგი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ოპონენტი დემოკრატების, ასევე, რესპუბლიკელების მხრიდან.

მალევე, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა განაცხადეს, რომ აპირებენ, ტრამპს მეორედ გამოუცხადონ იმპიჩმენტი — ამჯერად, „აჯანყების წახალისების“ ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი