ახალი ამბები

უგულავა “ევროპული საქართველოს” მენეჯმენტიდან მიდის

12 თებერვალი, 2021 • 1156
უგულავა “ევროპული საქართველოს” მენეჯმენტიდან მიდის

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მსგავსად, პოლიტსაბჭოს ყრილობის შემდეგ პარტიულ თანამდებობას აღარ დაიკავებს და პარტიის მართვიდან გვერდზე გაიწევა.

უგულავას თქმით, პარტიას განახლება სჭირდება და ამისათვის საჭიროა, რომ მასთან და ბაქრაძესთან ერთად, პარტიის მართვის სადავეებს გიგა ბოკერიაც ჩამოსცილდეს.

მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თავს საერთო ოპოზიციურ პლატფორმაში ხედავს.

“დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად. მე აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით სწორედ უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებებისა, პარტიის შედეგები ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც ჩემი აზრით, ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ.

მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას, გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება. მე ჩემს თავს ვხედავ საერთო ოპოზიციური პარტიის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში, მათ შორის დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალების [კუთხით].

მე ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება განახლება. განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე შეიძლება არასაკმარის, მაგრამ პირველ ფუნდამეტურ წინაპირობად იმისთვის, რომ პარტია განახლდეს და ახალი შენაკადები შეიძინოს და შევიდეს კოალიციურ გაერთიანებებში. მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. ჩემი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, — აცხადებს უგულავა.

რაც შეეხება კითხვას, დარჩება თუ არა უგულავა პარტიაში რიგით წევრად და აქვს თუ არა ამისთვის წინაპირობა, უგულავა პასუხობს, რომ თუ პარტია განახლებას ვერ შეძლებს, “პროცესები ბუნებრივად მოხდება”.

“სანამ ყრილობა ჩატარდება, ბუნებრივია, ყრილობამდე ვრჩები. რაც შეეხება მას შემდეგ, თუ მოხდა პარტიის განახლება და თუ პარტიის განახლება ნიშნავს იმას, რომ რეალურად ახალი ადამიანები იყვნენ პარტიის საჭესთან, ახალი სახეები ამზადებენ პარტიას არჩევნებისთვის… მაგრამ თუ ეს ვერ დავინახე, ბუნებრივად მოხდება ეს პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პარტია ჩარჩეს წარსულში. გულწრფელად ვთვლი, რომ მე უნდა გავიწიო, დათო ბაქრაძეც არის გულწრფელი და იმედს დავიტოვებ, რომ ეს აზრი გიგა ბოკერიას მიერაც იქნება გაზიარებული. სხვა შემთხვევაში პარტია შევა ჩიხში”, — განაცხადა უგულავამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დავით ბაქრაძე პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს და ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” მომავალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. რაც შეეხება პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას, მას განსხვავებული აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, უნდა გადგნენ თუ არა ლიდერები ასეთ დროს გვერდით. მისი თქმით, გვერდზე გასაწევად სწორი მომენტი არაა და პარტიასა და აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი