ახალი ამბები

დედის თქმით, გაუპატიურების შემდეგ 14 წლის გოგოს ორმა ნათესავმა სცემა

12 თებერვალი, 2021 • 1740
დედის თქმით, გაუპატიურების შემდეგ 14 წლის გოგოს ორმა ნათესავმა სცემა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ გაუპატიურების შემდეგ, პოლიციაში მისვლამდე გოგო ორმა ახლობელმა კაცმა სცემა.

ჟურნალისტებთან საუბარში დედაც ადასტურებს, რომ გოგო გარდაცვალებამდე გააუპატიურეს, ასევე დასძენს, რომ ოჯახთან მომუშავე სოციალურ მუშაკს გოგოს თურქეთში გაგზავნა უნდოდა. სწორედ თურქეთში მუშაობდა მისი დედაც.

ის ასევე აცხადებს, რომ მის შვილზე დაღუპვამდე ძალადობდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.

„როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს. ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა. სულ წიხვლქვეშ იგორა თურმე. ყველაფერი მომიყვა მე ბავშვმა. მერე გაჩერდნენ, შემოგაკვდება და დაგიჭერენო,“ – ამბობს ის.

ქალის თქმითვე, ბავშვს პოლიციაში მიყვანის დროს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული – „მეორე დღეს მითხრა, თავზე ხელს ვერ ვიკარებ, ბალიშზე ვერ ვდებ, თავი მტკივაო,“.

გარდაცვლილი მოზარდის დედა ასევე დასძენს, რომ მას თან აქვს მტკიცებულებები, მათ შორის, მიმოწერის სახით, რომელსაც ის სამართალდამცველებს აჩვენებს.

დედის განცხადებამდე ჟურნალისტებთან გუშინ ისაუბრა გოგოს ბაბუამ, რომელმაც უარყო, რომ ის რაიმე სახით შვილიშვილზე ძალადობდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.


რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ მისი გაუპატიურება უძღოდა. გოგოს დაღუპვიდან მალევე მისი გაუპატიურების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. თუმცა, სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

 

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი