ახალი ამბები

კობახიძე არის “ოცნების” ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი – გახარია

12 თებერვალი, 2021 • 700
კობახიძე არის “ოცნების” ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” გუნდის ღირსეული ლიდერი და მისი კარგი მეგობარია”. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას საწინააღმდეგო შესაძლო ქმედებებს შეეხებოდა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სპეკულაცია და ჭორებია.

“ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან ვერ ვახერხებ. მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება ძალიან სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში არიან. ბავშვები სასწრაფოდ ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში .მეორე მხრივ, ამ ბავშვების მშობლებს, ქართველ ოჯახებს უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან შემოსავლისთვის. ეკონომიკურ კრიზისში ვართ, რომელთან გასმკლავებლადაც ერთად უნდა ვშრომობდეთ. ეს ყველაფერი გადასაწყვეტია და მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ მისვლას, ხან ვერ ვახერხებ”, — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ასევე მომაბეზრებელი გახდა კითხვები იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.

“წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით. ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ! ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება, რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი