ახალი ამბები | , ,

თუ სანქციები გაგრძელდება, მზად ვართ EU-სთან ურთიერთობის გასაწყვეტად – ლავროვი

12 თებერვალი, 2021 | | 539
თუ სანქციები გაგრძელდება, მზად ვართ EU-სთან ურთიერთობის გასაწყვეტად – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა,  ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს, თუ გაერთიანება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გაარძელებს.

ასე უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის კითხვას: “მივდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ?”, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ ამისათვის მზად უნდა იყვნენ, თუ რუსეთისთვის სანქიების დაწესება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

“ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მზად ვართ [ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის], იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დავინახავთ სანქციებს დაწესებას ზოგიერთ სექტორში, რომლებიც რისკებს ქმნიან ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. რუსეთს არ სურს გლობალური ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გსურთ, მოემზადეთ ომისთვის”, — აცხადებს ლავროვი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ბრიუსელში იმედგაცრუებული დაბრუნდა. 7 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ მოსკოვში არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და რიგი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

ბორელი საუბრობს “აგრესიაზე”, რომელსაც მოსკოვში გადააწყდა და ევროპელი დიპლომატების გაძევებაზე, რომელიც დროში დაემთხვა მის ვიზიტს. საპასუხო კომენტარი უკვე გაავრცელა რუსულმა სახელმწიფო მედიამ: მოსკოვში არ ეთანხმებიან ბორელის შეფასებებს და აღნიშნავენ, რომ მას სრული თავისუფლება ჰქონდა, რუს კოლეგებთან სასურველ საკითხებზე ესაუბრა.

როგორც ბორელი ვიზიტის შემდეგომ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, ამ ნაბიჯით შეეცადა შეემოწმებინა, რამდენად არის დაინტერესებული რუსეთის მთავრობა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების მოწესრიგებითა და ნეგატიური ტენდენციის შეცვლით.

მისივე განცხადებით, მისიის მიზანი ასევე იყო ნავალნის დაპატიმრებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების დაგმობა, ასევე, დისკუსიების მომზადება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ფორმატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი