ახალი ამბები

“ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით” – ბანდიუკოვი

12 თებერვალი, 2021 • 764
“ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით” – ბანდიუკოვი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ალექსანდრ ბანდიუკოვის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მის დაცვას სთხოვს.

ბანდიუკოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მისაღებად ჩამოვიდა. მას ჰუმანიტარული სტატუსი შეუჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ექსტრადიციის რისკის ქვეშ დგას.

EMC-ის განცხადებით, ბანდიუკოვის მიმართვას მისივე თხოვნით ავრცელებენ, რადგან ის ამჟამად საავადმყოფოშია და თავის საქმეზე საჯარო პოზიციონირება არ შეუძლია.

“მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის მისაღებად, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მომენიჭა. ახლა კი მათ ის უკანონოდ, დაუმსახურებლად და ცინიკურად ჩამომართვეს. მე წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ჩემ მიმართ დევნას რუსეთის ფედერაციაში, მთლიანად დავკარგე ჯანმრთელობა, განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სამარტოო საკანში ყოფნისას. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ხელისუფლებამ, კერძოდ ინტერპოლმა, ამომშალა ძებნილთა სიიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავხედური გაყალბების გამო. ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მე უკვე თავისუფალი ვიქნებოდი.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაურკვევია სრულიად მარტივი რამ და აპირებენ ჩემს გადაცემას პუტინის ბანდიტების საგლეჯად[…] ვთხოვ უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან”, — აცხადებს ბანდიუკოვი.

როგორც ბანდიუკოვი აცხადებს, საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა გარემოებებმა აიძულა.

“თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი, ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით”, — აცხადებს ბანდიუკოვი.


ბანდიუკოვს რუსეთში ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან. თუმცა ის ამბობს, რომ საქმე გაყალბებულია, დევნის ნამდვილი მიზეზი კი მისი ანტისახელისუფლებო და ანტიპუტინისტური განწყობებია.

17 იანვარს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსი არ გაუგრძელა. EMC-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით, გაუარესდა.

როგორც EMC აცხადებს, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი სასიცოცხლო ინტერესები არ გაითვალისწინა და ალექსანდრ ბანდიუკოვი ექსტრადიციის რისკის წინაშე დააყენა.

საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის მოსალოდნელი საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი