ახალი ამბები

საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის მოსალოდნელი საქმე

12 თებერვალი, 2021 • 931
საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის მოსალოდნელი საქმე

ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მისაღებად ჩამოვიდა. მას ჰუმანიტარული სტატუსი შეუჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ექსტრადიციის რისკის ქვეშ დგას.

ბანდიუკოვს რუსეთში ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან. თუმცა ამბობს, რომ საქმე გაყალბებულია, დევნის ნამდვილი მიზეზი კი მისი ანტისახელისუფლებო და ანტიპუტინისტური განწყობებია.

ბანდიუკოვის საქმე – რა ხდება

საქართველოში ჩამოსვლამდე ბანდიუკოვი რუსეთში, იუჟნო-სახალინსკის მერიაში მუშაობდა და სამომხმარებლო ვაჭრობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი მედია ამბობს, რომ მას 450 ათასი რუბლის (დაახლოებით, 6 ათასი აშშ დოლარი) ქრთამის აღებას ედავებიან

ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” [EMC] კურირებს. სწორედ ის ავრცელებს საქმის დეტალებზე ცნობას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სინამდვილეში კაცს პუტინის მიმართ კრიტიკული პოზიციები აქვს, არ ემორჩილებოდა ადგილობრივ კორუფქციულ გეგმებს და “2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა”.

ბანდიუკოვი მეუღლესთან ერთად უკვე 2 წელზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს.  ის და მისი მეუღლე ამბობენ, რომ რუსეთში დაწყებული გამოძიების პროცესში პოლიიცის მხრიდან ცემისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნიც გახდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთში აქტიურად იბრძოდა სიმართლის დასადგენად და გამოძიების არაერთი საკვანძო მტკიცებულების ფაბრიკაცია დაადასტურა. მალე მისთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მართლმსაჯულების სისტემაში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებდა და 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა. მისთვის საქართველო უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოდ განიხილებოდა და ფიქრობდა, რომ აქ თავშესაფრის მიღებას და მისი სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას მოახერხებდა,” – ამბობს ორგანიზაცია.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ბანდიუკოვმა შსს-ს მიგრაციის დეპარტამნეტს მიმართა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება ითხოვა. თუმცა უწყებამ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, მიუხედავად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა.

2019 წლის 15 მაისიდან ბონდიუკოვი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და სამი მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია.

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოში დავის შემდეგ, 2020 წლის 4 თებერვალს ბონდიუკოვისთვს 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დაევალა, რომელსაც ვადა 2021 წლის იანვარში გაუვიდა.

“ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლო ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთში ექსტრადიციის პროცესი დაუშვებლად ცნო, ამგვარი სტატუსის არსებობის პერიოდში. თუმცა 2021 წლის 27 იანვარს, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობები არ იყო შეცლილი და უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს უწყებამ არა მხოლოდ არ იმსჯელა ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ მხედველობაში არ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2020 წლის 21 აგვისტოს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ალექსანდრ ბანდიუკოვი ინტერპოლის ბაზაში წითელი ცირკულარით ძებნილ პირთა სიიდან ამოიღო, რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი გაყალბებული ბრალდების გამო,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის ცნობით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ფონზე მიღებული სტრესის გამო, ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 2021 წლის 10 თებერვალს გულის მწვავე შეტევით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ამ დრომდეც ჰოსპიტალში რჩება.

EMC წერს, რომ 2021 წლის 10 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაც ღიად ადასტურებს, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვს ერთდროულად რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებადია, პროგნოზი მძიმეა და მისი თვითმფრინავით მგზავრობა, ხანგრძლივი ტრანსპორტირება ავტომობილით ან მატარებლით, სიცოცხლისათვის უკიდურესად სახიფათოა.

“ამ მოცემულობაში ცხადია, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია. მიგვაჩნია, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის მიმართ საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით და რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, რაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს ქმნის, ამიტომ არსებითია, მას სახელმწიფომ მიანიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი და არ დაუშვას რუსეთში მისი ექსტრადიცია,”

ადგილი აქვს რუსეთის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფას – EMC

რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის გახშირებულ შემთხვევებს ორგანიზაცია რუსეთის მიმართ პოლიტკურ ლოიალობას უკავშირებს, რომელსაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ეფუძნება.

“ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რადიკალურად გადახედოს სისხლის სამართლის სფეროში რუსეთთან, ისევე როგორც მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებთან, თანამშრომლობის პრაქტიკას და საკუთარი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის პრინციპების განუხრელი დაცვისა და პატივისცემის მიდგომებზე დააფუძნოს”, ამბობს ორგანიზაცია.

“ალექსანდრე ბანდიუკოვის საქმეში ჩანს არაერთი სახელმწიფო უწყების თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილებების ჯაჭვი, რომელიც სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ითხოვს. მით უფრო, რომ შემხვედრმა უკანონო გადაწყვეტილებებმა და მისგან მომდინარე სტრესმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გააუარესა და ალექსანდრ ბანდიუკოვი დღესაც ჰოსპიტალში სიცოცხლისთვის იბრძვის,”

ორგანიზაცია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს

  • ხელახლა განიხილოს ალექსანდრ ბანდიუკვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების საკითხი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის არსებითი ხელყოფის რისკების გათვალისწინებით, მას ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი მიანიჭოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

  • შეწყვიტოს და არ დაუშვას ალექსანდრ ბანდიუკოვის საექსტრადიციო პროცესი რუსეთში ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო;
  • გადახედოს მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებში, პირველ რიგში, რუსეთში ექსტრადიციის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და ანტიჰუმანურ პრაქტიკას. 

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს

    • აღნიშნული საქმის კონტექსტისა და მეზობელ ქვეყნებში ექსტრადიციის პრაქტიკის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსის გათვალისწინებით, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და ამ და სხვა მსგავს საქმეებზე ეფექტიანი ზედამხედველობა და პოლიტიკის რევიზია უზრუნველყონ.  

იუსტიციის სამინისტროს პასუხი

ნეტგაზეთის კითხვებს იუსტიციის სამინისტროში წერილობით უპასუხეს.

“ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრომდე ამ კონკრეტული პირის ექსტრადიციის საკითხი არ მოსულა. დამატებით განვმარტავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ერთვება პირისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურაში. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო საექსტრადიციო პროცედურებს არ წარმართავს, ვიდრე პირს აქვს თავშესაფრის სტატუსი ან ცდილობს თავშესაფრის სტატუსის მოპოვებას ან/და ვიდრე შესაბამისი სასამართლოს მიერ არ არის გადაწყვეტილება გამოტანილი პირის ექსტრადიციის თაობაზე”.

რაც შეეხება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, უწყებას ნეტგაზეთში უთხრეს, რომ ბანდიუკოვს სტატუსის არგაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი