ახალი ამბები

“ასტრაზენეკა” დათანხმდა საქართველოსთვის ვაქცინის 150 000 დოზის მოწოდებას – გამყრელიძე

11 თებერვალი, 2021 • 2170
“ასტრაზენეკა” დათანხმდა საქართველოსთვის ვაქცინის 150 000 დოზის მოწოდებას – გამყრელიძე

კომპანია “ასტრაზენეკამ” წერილობით დაადასტურა თანხმობა, საქართველოს 150 000 დოზა ვაქცინა მიჰყიდოს: ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 10 თებერვლის ღამით მიიღო.

“ეს არის ბილატერალური [ორმხრივი] მოლაპარაკების შედეგი”, – აღნიშნავს გამყრელიძე და დასძენს, რომ “ასტრაზენეკას” 184 000 დოზისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველო “კოვაქსის” პლატფორმიდან იღებს, ხსენებულ 150 000 დოზას ქვეყანა პირდაპირ მწარმოებელი კომპანიისგან ყიდულობს.

ამ მონაცემებით, საქართველომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 334 000 დოზა უნდა მიიღოს. NCDC-ის დირექტორის ინფორმაციით, პირველი პარტია(184 000 დოზა) ქვეყანაში “მარტის შუა რიცხვებში” უნდა შემოვიდეს.

რაც შეეხება დანარჩენი 150 000 დოზის შემოსვლის თარიღს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 10 თებერვლის პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველო მას “მარტის პირველ ნახევარში” მიიღებს. მეორე მხრივ, ამირან გამყრელიძე დასძენს, რომ ეს თარიღი დამოკიდებულია იმაზე, “რამდენად სწრაფად გაფორმდება კონტრაქტები” კომპანიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

ასტრაზენეკა: კითხვები იაფი ვაქცინის გარშემო

შუალედური რეკომენდაციების მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” ვაქცინის ეფექტურობა 63%-ია.

აღნიშნული ვაქცინის პოპულარობას განაპირობებს როგორც მისი სიიაფე, ისე მასობრივი წარმოება და შენახვის მარტივი სტანდარტები. თუმცა “ასტრაზენეკას”  გარშემო ბოლო კვირებში არაერთი კითხვა გაჩნდა, ერთი მხრივ, COVID-19-ის ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობის, მეორე მხრივ კი 65+ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების მიზანშეწონილობის კუთხით.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრების პროცესი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც კვლევის პირველი შედეგებით გამოვლინდა, რომ ის ნაკლებად ეფექტურია ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაშია გავრცელებული. კერძოდ, ვაქცინის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ვირუსის ამ ვარიანტის მსუბუქი შემთხვევებისას.

მეორე მხრივ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ავსტრიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა  “ასტრაზენეკას” ვაქცინას მხოლოდ 65 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გაუწიეს რეკომენდაცია, იტალიამ და ბელგიამ კი – 55 წელს ქვემოთ. საქმე ის არის, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებზეც მწარმოებელმა კომპანიამ ვაქცინა გატესტა, 65+ პირების წილი მხოლოდ 10%-ია. ეს კი არაერთი ევროპული სახელმწიფოსთვის არ არის საკმარისი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის ეფექტიანობის დასადასტურებლად.

სკეპტიციზმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იზიარებს: ჯანმომ მიმდინარე კვირაში თქვა, რომ რეკომენდაციას უწევს “ასტრაზენეკას” ვაქცინას იმ ქვეყნებშიც, სადაც ვირუსის ახალი ვარიანტები არსებობს. ორგანიზაციის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების შედეგები “არასაბოლოოა”. მეორე მხრივ, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 65+ ასაკობრივ კატეგორიაში აღნიშნული ვაქცინის გამოყენება მიზანშეწონილია.

რას ამბობენ საქართველოში

პროცესებს საქართველოშიც მიადევნებენ თვალს, თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, “ასტრაზენეკას” გარშემო გაჩენილი კითხვების საფუძვლიანობა ჯერ არ დაუდასტურებიათ ევროკავშირს, ევროპის მედიცინის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. თბილისში სწორედ ამ ორგანიზაციების პასუხებს ელიან.

“თუ ისინი იტყვიან, რომ არ არის რეკომენდებული 65 წელს ზემოთ “ასტრაზენეკას” გამოყენება, მაშინ ჩვენი გეგმის ეს ნაწილიც გარკვეულად გადაიხედება და შეიცვლება”, – ეუბნება გამყრელიძე “ნეტგაზეთს”.

გაჭიანურდება თუ არა საქართველოში ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაციის პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ეჭვები დადასტურდება? NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესი არ შეჩერდება, ვინაიდან ჰორიზონტზე ალტერნატიული ვაქცინებიც ჩანს, რომელთაც ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, 65+ ჯგუფმა “ქვემოთ გადაინაცვლოს” და მოგვიანებით აიცრას სხვა ვაქცინით, რომელიც “შემდგომ ეტაპზე შემოვა”.

ევროპის ნაწილში 65+ ასაკის მოქალაქეებს ასტრაზენეკას არ უკეთებენ. რას იზამს საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი