ახალი ამბები

COVID-19-ზე ვაქცინაციის ხელშესაწყობად EU საქართველოსა და 5 ქვეყანას 40 მლნ. ევროს გამოუყოფს

11 თებერვალი, 2021 • 576
COVID-19-ზე ვაქცინაციის ხელშესაწყობად EU საქართველოსა და 5 ქვეყანას 40 მლნ. ევროს გამოუყოფს

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვყანა, მათ შორის საქართველო, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან COVID-19-ის ვაქცინების ჩამოსვლისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის 40 მილიონ ევროს მიიღებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. დახმარება მოიცავს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას და ის იქნება ინვესტიცია რუტინული იმუნიზაციის სისტემის გასაძლიერებლად.

საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის განცხადებით, სამწლიან ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის რეგიონში განახორციელებს უკვე არსებული ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მთლიანი დაფინანსება €40 მილიონ ევროს შეადგენს:

“COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს – დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას:

“პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება”, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი