ახალი ამბები

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველომ ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო

11 თებერვალი, 2021 • 1395
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველომ ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის წარმოების ნატო-ს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყოფს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი