ახალი ამბები

ტყიბულში, პროტესტის ნიშნად შახტში მყოფი ორი მუშა საკვების არქონის გამო შეუძლოდ გახდა

11 თებერვალი, 2021 • 1106
ტყიბულში, პროტესტის ნიშნად შახტში მყოფი ორი მუშა საკვების არქონის გამო შეუძლოდ გახდა

ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მე-4 მონაკვეთზე მყოფი ორი მუშა შეუძლოდ გახდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს  დაუდასტურეს საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში.

ინფორმაციას ადასტურებს ტყიბულელი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძეც.

“ეს ორი მეშახტე საკვების არქონის გამო გახდა შეუძლოდ. საკვების მიწოდებაზე კომპანია კატეგორიულ უარს აცხადებდა. მათ დაცვის თანამშრომლები ჰყავთ დაყენებული გვირაბების შესასვლელებში, რომ საკვების მიწოდება არ მომხდარიყო”, – აცხადებს რუსლან ბუცხრიკიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეუძლოდ მყოფი მეშახტეები ამჟამადაც შახტში არიან და ზედაპირზე ამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

“მათ შესაცვლელად ჩავიდა სხვა ორი მუშა, მაგრამ ისინი მაინც უარს აცხადებენ შახტის დატოვებაზე, მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – ამბობს ბუცხრიკიძე.

ბუცხრიკიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “საქართველოს პარლამენტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები მშრალ საკვებს მიიღებენ, თუმცა ამას 1-2 საათი მაინც დააგვიანდება”.

საქნახშირში აცხადებენ, რომ “შახტში საკვების მიღება აკრძალულია, აკრძალულია მოწევაც. საკვები ძალიან იშვიათად, წინასწარი შეთანხმებით, გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება. განსაკუთრებით აკრძალულია ცხელი კერძების მიღება”.

“მეშახტეებისთვის არსებობს სპეციალური სასადილო, სადაც მათ შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიირთვან ცივი და ცხელი კერძები. უბრალოდ, შიგნით, შახტში ამის პირობები ნამდვილად არ არის”, – აცხადებენ საქნახშირში.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მეშახტეები შახტიდან ზედაპირზე ამოვლიან და საკვებს სასადილოში მიირთმევენ, შეეძლებათ თუ არა უკან, შახტში დაბრუნება და პროტესტის გაგრძელება, კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის შესაძლებლობა ექნებათ.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დილიდან ვიძახით, რომ არანაირი პრობლემა არ არის. დამატებითი საფრთხეა სხვის მიერ მოტანილი საკვები პანდემიის გამოც. სასადილოში არის უსაფრთხო გარემო, შეუძლიათ ამოვიდნენ, მიირთვან, რაც გაუხარდებათ და დაბრუნდნენ ისევ შახტში, თუ ამის სურვილი ექნებათ”, – აცხადებენ საქნახშირში.

ნეტგაზეთს კომპანიაში დაუდასტურეს, რომ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის შუამავლობით, მართლაც ჩაუტანეს გაფიცულ მეშახტეებს საკვები.

“ბეჟან წაქაძემ თავად ჩაუტანა საკვები, იგი ახლაც შახტში იმყოფება და მეშახტეებს ხვდება”, – აცხადებენ კომპანიაში.

ნახშირის მომპოვებელ შახტებში საკვების მიღება და სიგარეტის მოწევა აკრძალულია, რადგან იმის გამო, რომ შახტებში შესაძლოა პერიოდულად გროვდებოდეს ბუნებრივი აირები, თავიდან იქნეს აცილებული აფეთქება ან/და აალება.


ტყიბულში ძიძიგურის შახტის მე-4 უბნის მე-3 ცვლის 9 მეშახტე 10-11 თებერვლის ღამეს გაიფიცა. მათი განცხადებით, გაფიცვის მიზეზი კომპანიის მიერ ხელფასის ოდენობის შემცირებას უკავშირდება.

კომპანიის განცხადებით, დღიური ანაზღაურების შემცირება გამოიწვია აღნიშნულ უბანზე გეგმის ვერ შესრულებამ. მეშახტეების განცხადებით, გეგმის ვერ შესრულება მათი ბრალეულობით არ მომხდარა და ისინი კომპანიის მიერ მიღებულ მითითებებს ასრულებდნენ.

დამატებით, გაფიცვის მიზეზსა და მეშახტეების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ნეტგაზეთის მასალას:

ტყიბულში მეშახტეების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი