ახალი ამბები

დავადგინეთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი 1937-38 წლების რუკით უნდა გაევლოს – მიტროპოლიტი დავითი

11 თებერვალი, 2021 • 1337
დავადგინეთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი 1937-38 წლების რუკით უნდა გაევლოს – მიტროპოლიტი დავითი

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის თქმით, სინოდმა დღევანდელ სხდომაზე დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დავითგარეჯთან 1937-1938 წლების რუკით უნდა განისაზღვროს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა.

“სინოდმა იმსჯელა ამის [დავითგარეჯის] თაობაზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200- ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი”, – განაცხადა მეუფე დავითმა.

მისი განცხადებით, სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავითგარეჯის შესახებ საპატრიარქო გადაცემათა ციკლს გააკეთებს და მის “პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებით” ახსნის.


საქმე ეხება კარტოგრაფების საქმეს, სადაც პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი, პროკურატურის თქმით, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

მელაშვილი და ილიჩოვა კი ამბობენ, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ხელმისაწვდომია ინტერნეტში და არავისთვის დამალული არაა, თუმცა არაა სრულყოფილი. კომისია კი 1938 წლის შეთანხმებით და შესაბამისი რუკებით ხელმძღვანელობდა.

ასევე, მათი თქმით, აღნიშნული რუკა მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.

ილიჩოვა და მელაშვილს ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი