ახალი ამბები

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

11 თებერვალი, 2021 • 4828
14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

ქობულეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია.

გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა.

„ცამეტწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო, არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… ჩვენ გავიგეთ მაშინ, მეორეჯერ რომ მოაკითხა, ექვსი თვის მერე“, – უთხრა მედიას ბავშვის ბაბუამ.

სოფლის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონასთან სოცმუშაკი მუშაობდა და ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განახორციელა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან კი „ბათუმელებს“ მოსწერეს, რომ ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა:

„სოციალური მუშაკის მიერ შეთავაზებული იქნა სახელმწიფო ზრუნვის სერვისები, მათ შორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. შეფასებისას ოჯახის გარემო არ იყო რისკის შემცველი, ამიტომ არ იყო მიზანშეწონილი, მოზარდის სურვილის გათვალისწინებით, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგოს მამა გარდაცვლილია, დედა კი თურქეთში მუშაობს.

გუშინ, 10 თებერვალს, შს სამინისტრო „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არათუ დაკავება, გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე.

შსს-ს მიერ დღეს, 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი

რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი