ამერიკული პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო.

მედია ფლინტს მოიხსენიებს “პორნოიმპერიის მშენებლადაც”. 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამო, მას არაერთხელ მოუწია სამართლებრივი ბრძოლა.

1978 წელს მას ჯორჯიის შტატის სასამართლოსთან ესროლეს, რის შემდეგაც წელს ქვემოთ პარალიზებული იყო. მის დაჭრაში ბრალდებული 2013 წელს სიკვდილით დასაჯეს.

ლარი ფილნტი 1942 წელს კენტუკიში დაიბადა, კარიერა კი ოჰაიოში დაიწყო, სადაც ძმასთან ერთად სტირპტიზ-კლუბი დააფუძნა. ჟურნალ Hustler-ის გამოცემა ფლინტმა სწორედ ხსენებული კლუბის შესახებ სარეკლამო სტატიით დაიწყო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო საქმე, რომელშიც ფლინტი მონაწილეობდა, Hustler-ში გამოქვეყნებულ პაროდიულ ანიმაციას უკავშირდება. ფოტოზე გამოსახული იყო ბაპტისტი სასულიერო პირი, ტექსტში კი ეწერა, რომ მას პირველი სექსუალური კავშირი საკუთარ დედასთან ჰქონდა.

სასულიერო პირმა ცილისწამებისთვის იჩივლა და $50 მილიონი მოითხოვა. მან პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმე ჟურნალის სასარგებლოდ გადაწყვიტა და თქვა, რომ სიტყვის თავისუფლების ინტერესი აღემატება საზოგადოებრივი ფიგურების ემოციებთან და რეპუტაციასთან დაკავშირებულ ინტერესს.

“როიტერსის” თანახმად, ფლინტის ბიზნესს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში $150-მილიონიანი ბრუნვაც ჰქონდა. ფლინტი ამბობდა, რომ თავისი პოპულარობის პიკზე ჟურნალ Hustler-ის 3 მილიონი ეგზემპლარი იყიდებოდა.