ახალი ამბები

“ბუნდოვანი მომეჩვენა განცხადება” – ხაბეიშვილი რესპუბლიკელების ინიციატივაზე

10 თებერვალი, 2021 • 1068
“ბუნდოვანი მომეჩვენა განცხადება” – ხაბეიშვილი რესპუბლიკელების ინიციატივაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ენმ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხოლოდ უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ხმის მისაცემად არ განიხილავს.

ასე გამოეხმაურა ის “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას, რომლის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტიის წევრები მზად არიან, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

“ცოტა ბუნდოვანი მომეჩვენა განცხადება, თუმცა ესეც მათი უფლებაა. ჩვენი პარტია არის შეთანხმებული, მკაფიოდ, ცალსახად და არ შეიცვლება. საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება შევიდე და გამოვიდე, რას ჰქვია ერთჯერადად? ანუ პარლამენტის ლეგიტიმაციას ვაღიარებ, შევედით, ხმას მივცემთ და გამოვალთ? ეს მათი საქმეა. ენმ არ განიხილავს რიგგარეშე არჩევნების გარეშე ახალი ადმინისტრაციის პირობებში შესვლა-არშესვლის საკითხს და ვერც განვიხილავთ. იმიტომ, რომ განცხადებები[მანდატების გაუქმებაზე] თავად გვაქვს დაწერილი. პოლიტიკოსის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი.

მათ[“რესპუბლიკელებს”] თავისი კონსტიტუციური უფლება აქვთ, ისე იფიქრონ, როგორც უნდათ და ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მათ უნდათ. თუმცა პარტია ცალსახად არ განიხილავს არც ერთჯერადად შესვლას, არც ორჯერადად. ხათუნა სამნიძემ და “რესპუბლიკურმა პარტიამ” საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ხელი აქვთ ამაზე მოწერილი და დეკემბერში მიმართეს პარლამენტს[…] ჩვენ არც კი განვიხილავთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე რაიმე ერთჯერად და ორჯერად აქტს”, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულასთან”.

ხაბეიშვილის თქმით, ენმ ნულოვან ბარიერს მხარს უჭერს, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემოთავაზების პაკეტში შეიძლება იყოს.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ შორის ნულოვან ბარიერს და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მეტიც, ვამბობთ, რომ მრავალპარტიულობისთვის, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია იყოს ნულოვანი ბარიერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვივაჭროთ მთავარზე, რომ არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი არალეგიტიმურია და რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს”, — აცხადებს ხაბეიშვილი.

“რესპუბლიკური პარტია” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდა. საპარლამენტო მანდატი პარტიის ორ წევრს: ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას აქვს.

საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

ხათუნა სამნიძის თქმით, სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

“ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, — აცხადებს სამნიძე.

რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი