ახალი ამბები

მოულოდნელი განცხადებაა, ძალიან ვწუხვარ პოზიციის ცვლილებაზე – ხოშტარია “რესპუბლიკელებზე”

10 თებერვალი, 2021 • 1519
მოულოდნელი განცხადებაა, ძალიან ვწუხვარ პოზიციის ცვლილებაზე – ხოშტარია “რესპუბლიკელებზე”

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია, რომელსაც პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ხმის მისაცემად შესვლას გამორიცხავს.

ასე გამოეხმაურა ის “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას, რომლის ლიდერი ხათუნა სამნიძეც ამბობს, რომ პარტიის წევრები მზად არიან, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, “რესპუბლიკელების” ინიციატივა არსებითად პარლამენტში შესვლას ნიშნავს და სამწუხაროა, რომ ამ საკითხე მათ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან კონსულტაციები არ გაიარეს.

“ძალიან მოულოდნელი განცხადებაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოზიციის ცვლილებაზე მათ კონსულტაცია არ ჰქონდათ და საერთოდ, რაიმე სახის შესვლაზე. ეს არსებითად შესვლას ნიშნავს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს პოზიცია დაეფიქსირებინათ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგეთ ბოლომდე მათი პოზიცია და ვაპირებ მათთან კომუნიკაციას”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“რესპუბლიკური პარტია” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდა. საპარლამენტო მანდატი პარტიის ორ წევრს:, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას აქვს.

საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

ხათუნა სამნიძეს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაცია “ძალა ერთობაშიას” ბლოკთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შესვლააზე უარს აცხადებენ და საარჩევნო რეფორმასთან ერთად მთავარ მოთხოვნად ახალი არჩევნების დანიშვნასა და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

სამნიძის თქმით, სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

“ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, — აცხადებს სამნიძე.

რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი