ახალი ამბები

უკრაინა საქართველოს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

10 თებერვალი, 2021 • 1184
უკრაინა საქართველოს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი ერთ-ერთი რეზონანსულ შემთხვევას, როდესაც მის მოქალაქეებს საზღვარგარეთ სახელმწიფოს დაცვა დასჭირდათ, ასახელებს საქართველოს მიერ იახტის დაკავებას, რომლის ბორტზე იმყოფებოდნენ უკრაინის ორი მოქალაქე — ვლადიმერ დიაჩენკო და იური ხომიკი და საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი.

“ეს საკითხი თბილისში ჩვენი საელჩოს მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს შორისაა. საელჩომ არაერთი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების და პროკურატურის წარმომადგენლებთან, რათა მათი გათავისუფლებისთვის მიეღწია. ჩვენი კონსული დაეხმარა დაკავებულებს ახლობლებთან დაკავშირებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩომ საქართველოში შესაბამისი ნოტები გააგზავნეს. უკრაინელი დიპლომატები ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ მათ გასათავისუფლებლად, რადგან უკრაინის სახელმწიფო ბედის ანაბარად არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეებს. ვსარგებლობთ შესაძლებლობით და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბატურინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრია და მეზღვაურები რეალურად დააკავეს არა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უნებართვოდ ცურვის გამო, არამედ იმიტომ, რომ მის ბორტზე მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დაადანაშაულა, რომ თითიც არ გაუნძრევია მათ დასახსნელად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მისი უმოქმედობაში დადანაშაულება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი