ახალი ამბები

ენგურთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

10 თებერვალი, 2021 • 781
ენგურთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 10 თებერვალს, ენგურის ხიდთან აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები არიან.

“ირაკლი ბებუა არის იმ დიდი პრობლემის მსხვერპლი, რასაც ჰქვია ჰუმანიტარული კატასტროფა საოკუპაციო რეჟიმის პირობებში და, სამწუხაროდ, მივიწყებული, გაჩუმებული თემაა. ხელისუფლება არ ლაპარაკობს ამაზე, პრაქტიკულად, არ მოქმედებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ირაკლი ბებუას, არის საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების ყურადღების მიპყრობა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლებისადმი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ელენ ხოშტარიამ.


2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების ომში გამარჯვების 27 წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქემ, 27 წლის ირაკლი ბებუამ, რომელიც გალში მცხოვრებ ბებიას სტუმრობს ხოლმე, გალის კულტურის სახლზე გადმოფენილ აფხაზური დროშის ფერების სიმბოლოს და ბანერს, წარწერით: “გილოცავთ გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ბენზინი გადაასხა.

ბებუა იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსასწორებელ კოლონიაში და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

როგორც ირაკლი ბებუას ოჯახი, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავენ, აფხაზური მხრიდან მათ გაუზიარეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელი ნახევრდება (გალის გამოსასწორებელ კოლონიაში გატარებული 1 დღე 2 კალენდარულ დღედ ითვლება) და სასჯელი რეალურად განისაზღვრება 4 წლით და 6 თვით. თბილისში იმედოვნებენ, რომ ირაკლი ბებუას აფხაზურ ციხეში 4-ნახევარი წლის გატარება არ მოუწევს და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მისი გათავისუფლება მოხერხდება.

ამ თემაზე:

ირაკლი ბებუას აფხაზეთში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი