ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტარები ხელფასს ვეღარ მიიღებენ | პიოტრ გასიევი

10 თებერვალი, 2021 • 766
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტარები ხელფასს ვეღარ მიიღებენ | პიოტრ გასიევი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პიოტრ გასიევის განცხადებით, პარლამენტის წევრები ხელფასებს ვეღარ მიიღებენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გასიევის განცხადებით, პარლამენტის თავჯდომარის ბრძანებულების მიხედვით, პარლამენტის ვერცბერთი დეპუტატი ვეღარ მიიღებს ხელფასს. “პერსონალურად მე არ მესმის, რატომ ვისჯებით 14 დეპუტატის გამო, 20 დეპუტატი, რომლებიც ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს”, – განაცხადა გასიევმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ 14 დეპუტატი პროტესტის ნიშნად არ ესწრება საპარლამენტო სხდომებს და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

“ოპოზიციონერი პარლამენტარები იბრძვიან ხელისუფლებისთვის და ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ხარჯზე. რა სინდისით შეგიძლიათ მიიღოთ ხელფასი, თუ სხვა ადამიანები მას ვერ მიიღებენ თქვენ გამო?! დეპუტატის მთავარი მოვალეობა არის კანონშემოქმედება და მათი მუშაობის ერთადერთი პროდუქტი არის კანონები – დამტკიცებულიც და დაუმტკიცებელიც. თუ ეს პროდუქტი [კანონი] არ არსებობს, საბოლოოდ არ არსებობს სარგებელი რესპუბლიკისთვის”, – განაცხადა გასიევმა ოპოზიციონერ დეპუტატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, “ხელფასები არ იქნება გადახდილი მანამდე, სანამ ზოგიერთი დეპუტატი არ გაიაზრებს, რომ ისინი ხალხის მიერ არნიან არჩეულნი, რათა ხალხისთვისვე იმუშაონ და დაიცვან მათი ინტერესები, რასაც ისინი ახლა არ ასრულებენ, რაც გამოიხატება რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტისა და სხვა მნიშვნელოვანი კანონების არ მიღებაში”, – განმარტა მან.

ფოტო გარეკანზე: საპროტესტო აქცია ცხინვალში


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისია. დე ფაქტო პარლამენტის 14 წევრი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რის გამოც ქვორუმი არ დგება.

მიზეზი, დეპუტატების განცხადებით, არის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების მოთხოვნა, რომელსაც, მათივე თქმით, ანატოლი ბიბილოვი ხელს აფარებს.

დეპუტატები პროკურორ ურუზმაგ ჯაგაევს ადანაშაულებენ ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამოძიების ხელშეშლასა და დამნაშავეთა მფარველობაში.

ცხინვალში საპროტესტო აქციები პერიოდულად 2020 წლიდან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი