ახალი ამბები

საფრანგეთში კორონავირუსისგან ევროპის უხუცესი მოქალაქე, 116 წლის ქალი განიკურნა

10 თებერვალი, 2021 • 1098
საფრანგეთში კორონავირუსისგან ევროპის უხუცესი მოქალაქე, 116 წლის ქალი განიკურნა

ფრანგი მონაზონი, რომელიც ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქეა, საკუთარ 117-ე იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოჯანმრთელებული ქალი ლუსილ რანდონი კორონავირუსით 16 იანვარს დაინფიცირდა, თუმცა რაიმე სახის სიმპტომი არ გამოვლენია.

მისი განცხადებით, ვერც კი გააცნობიერა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

იგი მკურნალობას სხვა ბენეფიციარებისგან იზოლირებულად, მოხუცთა ზრუნვის ცენტრში გადიოდა, ახლა კი სრულიად გამოჯანმრთელებულია.

ლუსილ რანდონი, რომელსაც დაბადების დღე ხვალ, 11 თებერვალს აქვს, საკუთარი 117-ე იუბილის გადახდას, წინა წლებთან შედარებით, მოხუცთა ზრუნვის ცენტრის ბენეფიციართა ვიწრო წრეში გეგმავს.

“ის ძალიან იღბლიანია. მას ჩემთვის არ უკითხავს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არამედ მეკითხებოდა, ეს გამოიწვევდა თუ არა მისი ყოველდღიური განრიგის ცვლილებას”, – – აცხადებს ცენტრის წარმომადგენელი დევიდ ტაველა ადგილობრივ გაზეთთან საუბრისას.

“მას არ შეშინებია დაავადების, თუმცა ძალიან ღელავდა ცენტრის სხვა მცხოვრებლების ჯანმრთელობის შესახებ”, – ამბობს იგი განკურნებულ ქალზე საუბრისას.

ფრანგულ ტელეარხ “BFM-სთან” საუბრისას 116 წლის ქალმა განაცხადა, რომ “მას არ შეშინებია, რადგან არ ეშინია სიკვდილის.”

“მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ ვისურვებდი, რომ სადღაც სხვაგან ვიყო – ვისურვებდი, შევუერთდე ჩემს უფროს ძმას, ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს”, – განაცხადა მედიასთან საუბრისას ლუსილ რანდონმა.

ფოტო გარეკანზე: AFP


ლუსილ რანდონი, რომლის საეკლესიო სახელიც და ანდრეა, 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. იგი ევროპის ყველაზე უხუცეს, ხოლო მსოფლიოს რიგით მეორე უხუცეს მოქალაქედ ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი