ახალი ამბები

“ნაკლებ სავარაუდოა, SARS-COV-2 ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო” – WHO-ის ექსპერტები

9 თებერვალი, 2021 • 638
“ნაკლებ სავარაუდოა, SARS-COV-2 ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო”  – WHO-ის ექსპერტები

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რომელთა მიზანი СOVID-19-ის გამომწვევი ვირუსის წარმომავლობის შესწავლა იყო, ნაკლებად სავარაუდოა, ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან გაჟონილიყო. მათი თქმით, დაავადების გავრცელების წყაროს აღმოსაჩენად მეტი მუშაობაა საჭირო.

მისიის ხელმძღვანელის, პიტერ ემბარეკის განმარტებით, გამოძიებამ არ დაადგინა შედეგი, რომელიც ვირუსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს დრამატულად შეცვლიდა და მიიჩნევს, რომ დაავადება ცხოველური წარმოშობისაა, რომელიც შემდგომ ადამიანებზე გავრცელდა, თუმცა ზუსტი მიზეზის დადგენა, თუ როგორ მოხდდა ეს, ვერ შეძლეს.

დოქტორ ემბარეკის თქმით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის “ბუნებრივი რეზერვუარი”, სავარაუდოდ, ღამურები არიან, რამდენადაც მათ ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსი ჰგავს SARS-COV-2-ს, თუმცა ამ დროისთვის ვერ მოხერხდა ცხოველის იმ სახეობის დადგენა, რომელიც შუამავალი იყო ვირუსის ადამიანისთვის გადაცემაში.

ამასთან, ექსპერტების თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ცხოველიდან ვირუსის პირველადი გადაცემა ვუჰანში მომხდარიყო. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გამოძიების ფარგლებში არ გამოვლენილა არაფერი, რაც მიანიშნებდა, რომ ვირუსი ვუჰანში იმაზე ადრე ცირკულირებდა, ვიდრე პირველი ოფიციალური შემთხვევები აღირიცხა 2019 წლის დეკემბერში.

ემბარეკი აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებსაც ვირუსი პირველად დაუდგინდათ და ვუჰანის ცხოველების ბაზრობასთან ჰქონდათ კავშირი, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები უკვე დეკემბრის პირველ ორ კვირაში აღენიშნებოდათ, რაც სავარაუდოს ხდის მათ ინფიცირებას დეკემბრის დასაწყისში ან ნოემბრის ბოლოსკენ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვერ მიაკვლიეს ვირუსის უფრო ადრეული გავრცელების კვალს ვუჰანში ან სხვა რეგიონში.

რაც შეეხება ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორიას, ექსპერტების თქმით, ეს მხოლოდ ჰიპოთეზა იყო და გამოძიების ფარგლებში ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც ამაზე მიანიშნებდა. ამასთან, გამოძიებაში ჩართული ექსპერტები აცხადებენ, რომ ვუჰანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ლაბორატორია კარგად იყო დაცული.

ექსპერტთა ჩინური მხარის ხელმძღვანელის, ლანგ ვუნანის თქმით, სავარაუდოდ, СOVID-19 სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა მანამ, სანამ მას ვუჰანში აღმოაჩენდნენ.

გამოძიების ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ვუჰანში მდებარე ცხოველების ბაზრობიდან მოპოვებული ნიმუშებიც, სადაც ზღვის პროდუქტებთან და ხორცთან ერთად, ცოცხალი ცხოველებიც იყიდებოდა და კავშირში იყო ადამიანების ინფიცირების პირველ შემთხვევებთან.

პრეზენტაციის ბოლოს კვლევაში ჩართულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება, არის ვირუსის შესაძლო გავრცელება იმპორტირებული გაყინული საკვების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი