ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსახლეობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილი არ არსებობს” – სომხეთის მმართველი პარტია გადაწყვეტილებას ცვლის

9 თებერვალი, 2021 • 655
“მოსახლეობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილი არ არსებობს” – სომხეთის მმართველი პარტია გადაწყვეტილებას ცვლის

სომხეთის მმართველი პარტიის, “ჩემი ნაბიჯის” განცხადებით, არ არსებობს “რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი ფართო საზოგადოებაში”. პარტიამ ამის შესახებ საკუთარი Facebook-ის გვერდის საშუალებით განაცხადა.

როგორც გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პარტიის წარმომადგენლები პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 თებერვალს შეხვდნენ, რა დროსაც საუბარი შეეხო არჩევნების საკითხს.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივას [რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დროის გარკვევის შესახებ] არ მოჰყოლია პოზიტიური გამოხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ფართო საზოგადოებაში. “ჩემი ნაბიჯი” აგრძელებს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის 17 ოპოზიციური პარტია 9-10 ნოემბერს აზერბაიჯანთან გაფორმებული ომის შეწყვეტის შეთანხმების გამო, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.

ფაშინიანმა მრავალკვირიანი აქციების შემდეგ, 2020 წლის 25 დეკემბერს, საღამოს ფეისბუკზე დაწერა, რომ მზად იყო რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2021 წელს განეხილა, სომხეთის პოლიტიკურ ძალებთან ერთად: „მზად ვარ, დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი ხალხის გადაწყვეტილების შედეგად. მე შემიძლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით“, – აცხადებდა მაშინ ნიკოლ ფაშინიანი.

“მთავრობამ გადადგა მანიპულაციური ნაბიჯი. 10 ნოემბრის შემდეგ არსებობდა ერთი მოთხოვნა ოპოზიციური ძალების მხრიდან – გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი. რიგგარეშე არჩევნები იყო ფაშინიანის დღის წესრიგი, რომელიც არავის მიერ არ იყო უარყოფილი. თუ მათ სურდათ არჩევნები, უნდა დაეშალათ პარლამენტი. მათ არ უნდათ, რომ ეს გააკეთონ, ამბობენ, რომ ახლა ჩვენ [ოპოზიციას] არ გვინდა რიგგარეშე არჩევნები”, – ამბობს პოლიტიკური პარტია “ნათელი სომხეთის” ლიდერი ედმონ მარუკიანი.

სომხური ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებებს news. am ავრცელებს.

სომხეთის ოპოზიციური პარტიების ნაწილში მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის ინტერესებს ემსახურებოდა და ამის გამო აქციები არ უნდა შეეწყვიტათ.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნიკოლ ფაშინიანის სურვილი იყო ჩაეტარებინა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ყველა საპარლამენტო ძალა და  დამოუკიდებელი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ”, – აცხადებს პარტია “ერთი სომხეთის” ლიდერი არტურ ღაზინიანი.

კიდევ ერთი სომხური პარტიის ,”აყვავებული სომხეთის” ერთ-ერთი ლიდერი ნაირა ზოჰრაბიანი აცხადებს, რომ ” მას შემდეგ, რაც აბსურდული მიზანი არ გამოუვიდა, მთავრობამ გადაწყვეტილება [არჩევნების ჩატარების შესახებ] შეცვალა”.

“ახლანდელ მთავრობას სურდა, რომ დაეშალა პარლამენტი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი დარჩებოდა ხელისუფლებაში და გააგრძელებდა ქვეყნის მართვას. თუმცა ისინი მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა პრობლემური და ვენეციის კომისია და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდნენ”, – აცხადებს ზოჰრაბიანი.

მისივე თქმით, პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” ეს განაცხადა იმის გამოც, რადგან ხელისუფლება დარწმუნდა, რომ მოსახლეობა მათ მხარს არ დაუჭერდა.

ზოჰრაბიანი აცხადებს, რომ საპროტესტო მუხტი ახალი ძალით გაგრძელდება. “სამშობლოს ხსნის მოძრაობის” წევრი იშხან საღატელიანის თქმით, მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით აქციები გაგრძელდება. “ჩვენი მთავარი აქცია გაიმართება 20 თებერვალს თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა საღატელიანმა.


სომხეთში საპროტესტო აქციების დაწყება პრემირ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც ფაშინიანმა მოსახლეობას მის მიერ მიღებული “დაუჯერებლად მტკივნეული” გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, რომელიც აზერბაიჯანთან ომის დასრულებას ეხებოდა.

რუსეთის ჩართულობით მიღწეული 9-პუნქტიანი შეთანხმებით, სომხურმა ძალებმა ბრძოლის გარეშე დატოვეს აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთის გავლით დაუკავშირდებოდა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას.

სომხური ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება მოღალატეობრივი იყო.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ნიკოლ ფაშინიანმა დეკემბერში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი