ახალი ამბები

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, მოწამვლის საფრთხე ემუქრებოდა – Tagesschau

8 თებერვალი, 2021 • 1071
ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, მოწამვლის  საფრთხე ემუქრებოდა – Tagesschau

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, მოწამვლის საფრთხე ემუქრებოდა, – იუწყება გერმანული გამოცემა Tagesschau.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

თუმცა მედიის შემდეგ, ეს ბრალდება გერმანიის სახელმწიფო პროკურატურამაც წამოაყენა.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და ჩვენებების მიცემა/სასამართლო განხილვები ამ დრომდე გრძელდება.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა Tagesschau-მ, რომელიც ხანგოშვილის სასამართლოს აქტიურად აშუქებს, სასამართლოზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის უშიშროების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებიდან მალევე ვადიმ კრასიკოვის მოწამვლას გეგმავდნენ.

რა ითქვა სასამართლოზე?

როგორც Tagesschau-ს ჟურნალისტი სილვია სტობერი [ის კარგად იცნობს საქართველოს და ხშირად აშუქებს კავკასიის ამბებს] წერს, სასამართლოზე გაირკვა, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ბრალდებულს თავდაპირველად 2019 წლის 18 ნოემბერს მიაკითხეს. თუმცა ვიზიტი არა საპატიმროში, არამედ კორექციულ კლინიკაში შედგა.

ეს დეტალი სასამართლოზე პოლიციის ერთ-ერთმა კომისარმა გაამჟღავნა. მისი თქმით, ჰოსპიტალში ბრალდებულის მოთავსების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა და იქ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიყვანეს, „საშიში სიტუაციის“ ფონზე.

როგორც აღნიშნულმა გამომძიებელმა განაცხადა, გერმანიის საიდუმლო სამსახურმა მიიღო „მინიშნება“, რომ ბრალდებულს მანამდე მოწამლავდნენ, სანამ გერმანიის სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის გადაცემას მოასწრებდა.

Tagesschau-ს თანახმად, მოგვიანებით კიდევ ერთმა პროკურორმა, ლარს მალსკიესმა, დაადასტურა, რომ მოწამვლის რისკზე მიიღეს „ცნობა უშიშროების სამსახურისგან“.

სასამართლო განიხილავს არა მხოლოდ ბრალდებულისთვის წაყენებულ მკვლელობის ბრალდებას, არამედ იმასაც, მოქმედებდა თუ არა ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი „რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების დავალებით“.

როგორც გამოცემა წერს, უკვე არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა რუსეთის ხელისუფლებისთვის არასასრუველი ადამიანების მოწამვლა სცადეს. მაგალითად დასახელებულია ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობისა და სამი საერთაშრისო ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი