ახალი ამბები

რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, ჩაიკეტა გზა

8 თებერვალი, 2021 •
რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, ჩაიკეტა გზა

რიონის ხეობაში, სოფელ ონჭეიშთან, 8 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია. როგორც “ნეტგაზეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, შესაბამისი ტექნიკა უკვე გზაშია.

“ჩამოსულია მეწყერი, 250-300 მ³ მოცულობის, რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა ქუთაისი-ალპანა მამისონის 30-31-ე კილომეტრზე… გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება უახლოეს საათში”, – ამბობენ უწყებაში.

სოფელი ონჭეიში მდებარეობს რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანთან ახლოს, სადაც ჰესების კასკადის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ კასკადი საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოს.

“ხედავთ, როგორი ქანებია და ცოტა წვიმების შედეგადაც კი რა შედეგები დგება აქ”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მეწყრის შედეგების ამსახველ ვიდეოში.

ადგილობრივმა აქტივისტმა ნუგზარ გოდოლაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მეწყერი სოფლებს – ონჭეიშსა და მოლეკურას- შორის 15:00-დან 16:00-მდე დროის მონაკვეთში ჩამოწვა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა, თუმცა ნაკლებად მასშტაბური, მოხდა სოფელ მექვენასთანაც.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰესების კასკადის აშენების თანმდევი საფრთხეების სერიოზულობას.

“ეს არის მთლიანად დატბორვის არეალი, სადაც დაგეგმილია მშენებლობა. ზუსტად ამ პრობლემებზე ვამახვილებთ ყურადღებას. კომპანიამ არ იცის, რა ტერიტორიაზე შედის და რა ტერიტორიას ტბორავს.

ეს არის უკიდურესად საშიში მეწყრული უბნები, რომელთა გააქტიურებასაც, როგორც ხედავთ, სულაც არ სჭირდება დამატებითი წყალსაცავის აშენება. ეს ისედაც მეწყრული უბნებია. დამატებით წყალსაცავი კიდევ უფრო დაამძიმებს სურათს, რაც შეიძლება, კატასტროფულად დამთავრდეს რიონის ხეობის მოსახლეობისათვის”, – უთხრა მან “ტვ პირველს”.

მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “ამ მომენტისთვის კონკრეტულ საპროექტო მონაკვეთში კომპანიის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება”.

“მიმდებარე ტერიტორიაზე (ზედა ბიეფში) სამომავლოდ იგეგმება ახალი გზის მშენებლობა. მშენებლობამდე კი ჩატარდება მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს აქტიურ მოძრაობაში მყოფი ზედაპირული მეწყერის ხელოვნურად ჩამოშლას. ეს კი სამომავლოდ თავიდან აგვარიდებს მსგავს საფრთხეებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანია ასევე დასძენს, რომ “მიზანშეწონილად მიაჩნდა გაწმენდითი და გეგმური პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა და ეს კომპანიამ პროექტის მოწინააღმდეგეებთანაც არაერთხელ გაახმიანა “მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმეთვიანმა აქტიურმა საპროტესტო აქციებმა ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა”.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი