ახალი ამბები

წელს, ალბათ, უნდა ველოდოთ ხელშესახებ შედეგს ჰააგის მიმართულებით – ლორთქიფანიძე

8 თებერვალი, 2021 • 641
წელს, ალბათ, უნდა ველოდოთ ხელშესახებ შედეგს ჰააგის მიმართულებით – ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე წლის განმავლობაში “ხელშესახებ შედეგს” ელის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე და ფიქრობს, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე დადებით გავლენას იქონიებს სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება.

ლორთქიფანიძის თქმით, საქართველო სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებათა ერთსა და იმავე ბაზას ეფუძნება.

“სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩვენ ვეყრდნობით 700-მდე მტკიცებულების ერთსა და იმავე ბაზას. ზუსტად ეს იყო მნიშვნელოვანი ელემენტი და სტრატეგიის ნაწილი სტრასბურგში სამართალწარმოებისა და ჰააგის სასამართლოში პროცესების სინქრონიზაციისა. 21 იანვრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა ეთნიკური წმენდა, გამოიკვეთა მხარე სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია ეთნიკურ წმენდაზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რომის სტატუსის მიხედვით რასაც ეძახიან, დანაშაულის კონტექსტუალური ელემენტის დასაზუსტებლად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. სხვათა შორის, თუ დავეყრდნობით პროკურორ ბენსუდას განცხადებას, ალბათ, არის მოლოდინი, რომ ამ წლის განმავლობაში ველოდოთ ხელშესახებ შედეგს ჰააგის სასამართლოს მიმართულებით”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დადგეს. ბენსუდა ICC-ში პროკურორად 2011 წლის 12 დეკემბერს აირჩიეს 9 წლის ვადით და უფლებამოსილების შესრულებას 2012 წლის 15 ივნისიდან შეუდგა. ფატუ ბენსუდა ამბობს, რომ უფლებამოსილების გადაცემას 2021 წლის შუაში ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი