ახალი ამბები

წულუკიანის აზრით, წინა ხელისუფლება რუსეთთან დავას სტრასბურგში წააგებდა

8 თებერვალი, 2021 • 1073
წულუკიანის აზრით, წინა ხელისუფლება რუსეთთან დავას სტრასბურგში წააგებდა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, დეპუტატ თეა წულუკიანის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივარი არაკვალიფიციური იყო და რომ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, საქართველო დავას “პირწმინდად წააგებდა”.

აგვისტოს ომზე სახელმწიფოთაშორისო დავის წარმოებაზე წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმინეს.

“მინდა, გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ის დღე, როდესაც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და საჩივარი შემოვიდა გვიან საღამოს იუსტიციის სამინისტროდან. საჩივარი რომ შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო. რეალურად სულ რამდენიმე “ჩინოვნიკი” თუ ვიყავით შემორჩენილი ოფისში. სწორედ იმ წუთებში გაუმართლა საჩივარს, ვინაიდან რამდენიმე საათით გვიან რომ შემოსულიყო, კიდევ რამდენიმე დღე ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან შემდეგ დასვენების დღეებიც უწევდა”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ  “როგორც კარგად დაიწყო საჩივარმა მაშინ მოძრაობა, ასევე კარგად დაასრულა”.

“თუმცა ჩემი მხრიდან არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ან თითქმის არაფერი გაუკეთებია. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, ვინც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ამაყობს თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, რომელმაც “ჩვენს შვილებს დაუტოვა ის იარაღი, რომელიც ყველანაირ ბირთვულ იარაღზე უფრო ძლიერია” ,– 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს გაამთლიანებს.

საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა.

2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან შეისწავლეს სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.

იუსტიციის მოქმედი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, მისი წინამორბედის მსგავსად არაკვალიფიციურად მიიჩნევს თუ არა სტრასბურგის სასამართლოში 2008 წელს შეტანილ საჩივარს; განმარტავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2013 წლიდან პერიოდს მოიცავს იმიტომ, რომ თვითონ ამ დროიდან ჩაერთო საქმეში.

“2013 წლის შემდეგ მოგვიწია ბევრ საკითხზე მუშაობა, მათ შორის, ეს იყო სამართლებრივი ანალიზი – აქცენტები საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ევოლუციის თვალსაზრისით. ჩვენ ეს გავაკეთეთ 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაწყებული, შეეხებოდა ასევე აფხაზეთსა და ხინვალის რეგიონს, ასევე, იყო 700-მდე სხვადასხვა რიგის და სახის მტკიცებულება, რამაც მიგვაღწევინა იქამდე, რომ შევძელით ამ ისტორიული გამარჯვების მოპოვება. ეს არის ამ სახელმწიფოს გამარჯვება. თუ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ 2013 წლიდან დაემატა 700-მდე მტკიცებულება, ასევე, აქცენტს ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაემატა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

21 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

 

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი