7 თებერვალს ზაზა გახელაძის მშობლიურ სოფელში მისი მხარდამჭერების მორიგი აქცია გაიმართა.
საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
2021 წლის 5 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.
ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების საღამოს, 5 თებერვალს, ზაზა გახელაძის ოჯახმა სოფელ აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
გახელაძის ოჯახმა ხელისუფლებას დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოსთხოვა.
იმავე მიზნით გაიმართა აქცია 7 თებერვალსაც გახელაძის მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში.
„ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ, იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ და შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის მავთულხლართი, რომელიც აქვე ახლოსაა და რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშიც ჩანს“, – ციტირებს „მთავარი არხი“ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დავით დონერიანს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა „ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“.
გარეკანის ფოტო: მთავარი არხი
ნახეთ ასევე:
თანადგომას ვუცხადებთ გახელაძესა და მის ოჯახს — აშშ-ის საელჩო
“ჩვენთვის ახლა აღარავის სცალია” – ცხინვალში დაპატიმრებული გახელაძის ცოლი
