ახალი ამბები

პარლამენტთან იწყება კარნავალიზებული მსვლელობა კომენდანტის საათის დასარღვევად [ფოტო]

6 თებერვალი, 2021 • 1357
პარლამენტთან იწყება კარნავალიზებული მსვლელობა კომენდანტის საათის დასარღვევად [ფოტო]

პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით იმართება საპროტესტო აქცია, დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს თან აქვთ დასარტყამი ინსტრუმენტები, სხვადასხვა აქსესუარი და გეგმავენ კარნავალიზებულ მსვლელობას თბილისის ქუჩებში.

პარლამენტთა შეკრებილ აქციის მონაწილეებს ასევე სახეზე აფარებული აქვთ სხვადასხვა მოხატულობის ნიღაბი.

ორგანიზატორები ჯერ არ ასახელებენ, რომელ ქუჩებზე აპირებენ მსვლელობის მოწყობას – „ხალისიანი, ფერადი და მუსიკალური საღამო გველოდებაო“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი „უაზრო რეგულაციების“ მოსახსნელად შეიკრიბნენ: „ბევრი ვიქნებით თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კომენდანტის საათს დაარღვევს რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი. არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც ანგრევს ბიზნესს.

ბიზნესი არის ის, რამაც ხვალინდელი დღე უნდა ააშენოს და რომელზეც მიბმულია ჩვენი მოსახლეობა. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ამ წუთამდე ცოცხლობს და შიმშილისთვის იმეტებს მოსახლეობას…

ზუსტად ამის საჩვენებლად, ცხრა საათზე დავიძვრებით და დავარღვევთ კომენდანტის საათს. ვივლით თბილისის ქუჩებში, გვექნება საბოლოო შეკრების ადგილიც. მოკლედ, ხალისიანი, ფერადი და მუსიკალური საღამო გველოდება“.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

____

ამავე თემაზე: დღეს თბილისში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით სხვა აქციაც გაიმართა

„გახსენით ქვეყანა“ – მოძრაობა „სოცაფეთქება“ პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს – LIVE

მასალების გადაბეჭდვის წესი