ახალი ამბები

“თუ გირაოს არ გადაიხდის, ალბათ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – სამხარაძე მელიაზე

5 თებერვალი, 2021 • 940
“თუ გირაოს არ გადაიხდის, ალბათ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – სამხარაძე მელიაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ნიკა მელია დეპუტატის იმუნიტეტს ამოფარებული არ უნდა იყოს.

სამხარაძე ასე გამოეხმაურა  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ  მასზე დაკისრებულ გირაოს არც გადაიხდის და ამის გამო ვერც დაიჭერენ.

“მთავარი არ არის, ვინ როდის დაიბარეს. მთავარი არის ის, რომ ნიკა მელია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ყველაზე სამწუხარო. მას ახლა იცავს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, თუმცა დეპუტატის იმუნიტეტს ამოფარებული არ უნდა იყოს არცერთი მოქალაქე და ყველა თანაბარია კანონის წინაშე. შესაბამისად, ყველა ადამიანმა, მით უმეტეს, თუ მას პოლიტიკური ამბიცია აქვს და უნდა, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული, რომ კანონმორჩილება არის მთავარი ფასეულობა”, — განცხადა სამხარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

კითხვაზე, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, უყრის თუ არა პარლამენტი მისთვის იმუნიტეტის მოხსნას კენჭს, სამხარაძე პასუხობს, ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“მე არ ვიცი, როგორ წარიმართება პროცესები. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეიძლება გადაიხადოს მან გირაო. თუკი არ გადაიხდის, ამას, ალბათ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა დავიცადოთ, ასეთი განცხადებები ჩვენ ბევრი გვინახავს და მოგვისმენია და შემდეგ ყველაფერი მაინც კანონის ჩარჩოში გადაწყვეტილა”, — განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში მელიას გაუფორმდება ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფს ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მასზე დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ. ვინაიდან ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს, მას  იმუნიტეტი იცავს. თუ ის გირაოს არ გადაიხდის, მაშინ მისთვის მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ უნდა მიმართოს. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.


ნიკა მელიას გირაო 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღვოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი