ახალი ამბები

“რა მაგრად ალაგებთ” – საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები გახელაძის პატიმრობას აპროტესტებენ

5 თებერვალი, 2021 • 875
“რა მაგრად ალაგებთ” – საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტივისტები გახელაძის პატიმრობას აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ და  ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო მოძრაობამ აქცია მას შემდეგ დააანანოსა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა გახელაძეს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი ამ საქმის მიმართ დანაშაულია”, – წერდა “სირცხვილია” პოსტში, რომლითაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია დააანონსა.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველები ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის ადგილიდან გაყვანას შეეცადნენ, თუმცა აქტივისტებმა პოლიციას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

აქციაზე იმყოფება ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზაზა გახელაძის ოჯახს ეუბნებოდა, რომ არ ეხმაურათ და არ ეაქტიურათ ამ საკითხთან დაკავშირებით:

“რა თქმა უნდა, რუსეთი ნებისმიერი მთავრობის პირობებში ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებს არღვევს. ეს მოცემულობაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება – შანსებს ამცირებს თუ ზრდის ამ უფლებების დარღვევით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ ხელს ვადებთ სუს-ს, რომელიც გახელაძის ოჯახს ეუბნებოდა, რომ არ ეხმაურათ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა აქცია რამდენიმე თვის წინ გახელაძის თემაზე და მაშინ ოჯახი [გახელაძის] უბრალოდ დააშინეს, რომ “არ ღირს გახმაურება”, “არ ღირს ამაზე აქტიურობა”, “მით უემეტს, ოპოზიციას არ გაეკაროთ”… აქ ოპოზიციაში არ არის საქმე, ჩვენ ნუ გაგვეკარებიან, მაგრამ ხმაური არის საშუალება, რომ მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ჩავრთოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც ამ ხალხის ტანჯვის შანსს შეამცირებს”, – განაცხადა ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ხმაური არ არის გარანტია, თუმცა ერთადერთი გზაა. ამის დასტურად კი ხოშტარიამ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა მოიყვანა, როდესაც საზოგადოებაც აქტიურობდა. ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება გახელაძის შემთხვევაში საპირისპიროდ იქცევა, “ადგილზე ხალხს აჩუმებს, იმის ნაცვლად, რომ თავიდანვე ამბავი აეტეხა”.

ხოშტარიას თქმით, ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ, რათა მიიქციონ ყურადღება “მაშინ, როდესაც ხელისფლება ამას არ აკეთებს”.

პროტესტის გაგრძელებას აანონსებს სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი, გიგა მაქარაშვილიც. მისი თქმით, ამ ვითარებაში მათი მხრიდან “ხმის ამოღება” ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღონ გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად – საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი