ახალი ამბები

“არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ” — მელია

5 თებერვალი, 2021 • 1439
“არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ” — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მასზე დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის. ამის შესახებ მან დღეს, 5 თებერვალს, პროკურატურის საპასუხოდ განაცხადა.

დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ  მელიას გაუფორმდება ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფს ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

მელია ამბობს, რომ მას ვერ დაიჭერენ.

“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამრთლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში. გნებავთ, ამ ფარსში”, — განაცხადა მელიამ.

ვინაიდან ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს, თუ ის გირაოს არ გადაიხდის, მაშინ მისთვის მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ უნდა მიმართოს. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.

“ორი თვის განმავლობაში, მე ჩემს კოლეგებთან ერთად, როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე ოპოზიციაში, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწვყიტონ. შოთაძე-ფარცხალაძის პროკურატურამ 1-კვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან, ჩემზე კარგად იციან. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოთხოვონ ის, რაც უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს. იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ვეხვეწები და მაინც არ აჩერებენ. რას გააკეთებს ოცნება, მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება გაცხადებულია. მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი”, — განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას გირაო 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღვოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მელია თუ არ გადაიხდის გირაოს, პატიმრობას მოვითხოვთ – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი