ახალი ამბები

მელია თუ არ გადაიხდის გირაოს, პატიმრობას მოვითხოვთ – პროკურატურა

5 თებერვალი, 2021 • 727
მელია თუ არ გადაიხდის გირაოს, პატიმრობას მოვითხოვთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, “ნაციონალური მოძროაბის” თამჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში მელიას გაუფორმდება ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფს ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

“გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე”, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც:

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს, შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე – ამ თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე, მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა – 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ნიკა მელიას გირაო 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”,-განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის გაზრდას 70 000 ლარით.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა:

“ბრალდების მხარე აბსურდშია შესული. სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამრთლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას ან არ, ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს იმიტომ, რომ გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და ფარატინა ფურცელია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა მას — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი