ახალი ამბები

NGO-ები: კომენდანტის საათის შენარჩუნებით მთავრობა უფლებამოსილებას თვითნებურად იყენებს

4 თებერვალი, 2021 • 836
NGO-ები: კომენდანტის საათის შენარჩუნებით მთავრობა უფლებამოსილებას თვითნებურად იყენებს

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვების შესახებ და მიიჩნევენ, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

NGO-ების შეფასებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, განცხადების ავტორთა თქმით, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ:

“მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება”, – აცხადებენ ხელმომწერ ორგანიზაციებში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ მართალია, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში, ფაქტობრივად, შეიძლება იქნეს ამოკითხული მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება.

აღნიშნული კი, განცხადების ავტორების თქმით, თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.

“მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება” ,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა 21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.

8 თებერვლიდან შეზღუდვები მსუბუქდება — სრული სია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი