ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს – სუსი

3 თებერვალი, 2021 • 809
საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი.

“საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით”, – აცხადებენ სუსში.


რუსი სამხედროები და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პერიოდულად იტაცებენ ან უკანონოდ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2020 წლის განმავლობაში “გამოავლინეს სასაზღვრო ნორმების დარღვევის 400-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის საზღვირს უკანონო კვეთა და სასაზღვრო ზონაში უკანონოდ დარჩენა”.

გამოვლენილი 423 შემთხვევიდან, 184 იყო საზღვრის უკანონო კვეთა, 227 სასაზღვრო ზონაში უკანონოდ დარჩენა, 12 – სასაზღვრო ზონაში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ოფიცრების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა”, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი