ახალი ამბები

ინჯიას კვოტის გამოყოფა სურს ოპოზიციის კანონპროექტებისთვის

3 თებერვალი, 2021 •
ინჯიას კვოტის გამოყოფა სურს ოპოზიციის კანონპროექტებისთვის

“ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია პარლამენტს სთავაზობს, გამოყოს კვოტა ოპოზიცის მიერ ინიცირებული კანონპროექტების მისაღებად.

“გადავხედე წინა მოწვევის პარლამენტში მიღებულ კანონებს და აღმოვაჩინე, რომ პარლამენტს ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი არცერთი კანონპროექტი არ მიუღია. ხომ არ დავაწესოთ ასეთი კვოტა — 100 კანონს თუ მიიღებს უმრავლესობა, 5 კანონი მაინც იყოს ოპოზიციის მხარეს და ამის კურატორი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე”, – მიმართა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარეს.

არჩილ თალაკვაძემ დეპუტატის ინიციატივა უარყო და თქვა, რომ მის შეკითხვაში, ალბათ, “პოზიტივი უფრო უნდა დავინახოთ, ვიდრე საპარლამენტო საქმიანობის პრინციპებთან თავსებადობა”.

ამასთან, თალაკვაძემ პასიურობაში თავად ოპოზიცია დაადანაშაულა.

“შეიძლება საყვედური თქვენი მხრიდან იყოს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიასთან, თუმცა [საყვედური] თანაბრად ეკუთვნის ისეთ ოპოზიციას, რომელიც შეიძლება, თავს უფლებას აძლევდეს, პარლამენტის სხდომებში და საკომიტეტო მოხსენებებში წელიწად-ნახევარი არ იყოს წარმოდგენილი. სწორედ ასეთი ოპოზიცია ჰყავდა მე-9 მოწვევის პარლამენტს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში “ყველა ჯანსაღი ინიციატივა განიხილება იმ სულისკვეთებით, თუ რამდენად სჭირდება ქვეყანას და არა იმ ნიშნით, არის თუ არა ოპოზიციის მიერ მოწოდებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი