ახალი ამბები

WHO-ს საგამოძიებო ჯგუფი ვუჰანის ლაბორატორიას იკვლევს

3 თებერვალი, 2021 • 596
WHO-ს საგამოძიებო ჯგუფი ვუჰანის ლაბორატორიას იკვლევს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგამოძიებო გუნდი, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობისა და ადამიანზე გადადების გამოძიება აქვს დავალებული, ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიას ეწვია.

საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ გუნდს პეტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობს. გუნდი ჩინეთში მრავალთვიანი მოლაპარაკებებისა და ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ, იანვრის თვეში საბოლოოდ ჩავიდა.

“მოუთმენლად ველი პროდუქტიულ დღეს. შევხვდებით მნიშვნელოვან ადამიანებს და დავუსვამთ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც საჭიროა”, – განაცხადა WHO-ს გუნდის წევრმა პეტერ დასაკმა.

ვუჰანის ლაბორატორიას უკავშირდება არაერთი მოსაზრება თუ კონსპირაცია, რომ ვირუსის გავრცელება სწორედ ლაბორატორიიდან დაიწყო. აღნიშნული მოსაზრება პირველად გაავრცელეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მეცნიერების უმეტესობა უარყოფს აზრს, რომ შესაძლოა ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი, მაგრამ ზოგიერთი სპეკულაციის მიხედვით, ბუნებრივად მოპოვებულ ვირუსს გამოიყენებდნენ ექსპერიმენტებში, რა დროსაც დაფიქსირდა ხარვეზი და ვირუსი ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს გადაედო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგამოძიებო გუნდი ქვეყანაში გასულ თვეს ჩაფრინდა. მეცნიერები უკვე იმყოფებოდნენ ვუჰანის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობდნენ, ასევე, ე.წ. “სველ ბაზარში”, სადაც, ჩინეთის ცნობით, ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი