ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე იბარებენ

2 თებერვალი, 2021 • 638
დავით დარჩიაშვილს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე იბარებენ

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, დავით დარჩიაშვილს პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე იბარებს.

როგორც დარჩიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, უწყებაში განუმარტეს, რომ მისი დაბარება ეხება 2012  წელს დეპუტატობის დროს პარლამენტში გაკეთბულ საჯარო განცხადებას, რომელიც დავითგარეჯის საკითხს ეხებოდა.

მისი თქმით, რამდენადაც ახსოვს, იმ პეიროდში დემარკაციის კომისიაზე თავდასხმების ტალღა იყო აგორებული და ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც მსგავსი განცხადებებით გამოირჩეოდა, ჯონდი ბაღათურია იყო. დარჩიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები პროვოკაციაა და კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს:

“როგორც მითხრეს, პარლამენტში საჯარო გამოსვლა მქონდა გარეჯის საკითხზე. გამოსვლა არ მახსოვს, ზუსტდ როდის იყო, თუმცა მეუბნებიან, რომ 2012 წელს იყოო. მე ცოტა ადრე მახსოვდა. გამოსვლა იყო იმაზე, რომ მაშინაც რაღაც ტალღა იყო აგორებული, იყო კომისიაზე თავდასხმები  დაახლოებით იგივე ხდებოდა, რაც ახლაა. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი იყო ჯონდი ბაღათურია.

მე გამოვდი სიტყვით და ვუთხარი, რომ ეს არის პროვოკაცია, ძალიან ცუდი საქციელი, მათ შორის კონფლიქტის შემწყობი და ეს წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებია აზერბაიჯანთან, რომელიც არ თმობს გარეჯის ნაწილს”, – ამბობს დარჩიაშვილი “ნეტგაზეთთან”.

დარჩიაშვილი პროკურატურში ხვალ, 3 თებერვალსაა დაბარებული:

“ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის (ანდრეი ვიშინსკი, საბჭოთა კავშირის პროკურორის მოადგილე და პროკურორი 1933-39 წლებში, 30-იან წლებში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.) სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი