ახალი ამბები

არჩევნები გაყალბდა… ჩვენ პარლამენტში შევედით, რათა ეს არ განმეორდეს – ელისაშვილი

2 თებერვალი, 2021 • 795
არჩევნები გაყალბდა… ჩვენ პარლამენტში შევედით, რათა ეს არ განმეორდეს – ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, რათა ქვეყანაში არჩევნები აღარ გაყალბდეს.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც ალეკო ელისაშვილი დეპუტატის მანდატით პირველად ესწრება.

პარლამენტში პირველი სიტყვის თქმისას მან განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შემოსვლამდე რთული გზა გაიარა. თუმცა არც ის და არც ლევან იოსელიანი პრივილეგიებით არ მოუსყიდიათ.

ელისაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში, თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩვნები. და ეს მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამის გარანტიაა.

მე მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას ნუ ცდილობენ. არ გახსოვთ, რა წერია იქ?  იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. მეტი გამოგლიჯონ „ოცნებას“, მეტად დაახევინონ უკან. ამას მივესალმები.

ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ, პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის ჩვენი შეთანხმება, რომ ელექტრონული წესით დამკვირდეს არჩევნები, თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის პრაქტიკა, „კარუსელები“ რომ ერქვა, ყველაფერმა ერთად მოგვიატნოს პატიოსანი არჩევნების წესი“, – აცხადებს ის.

ელისაშვილი ასევე დასძენს, რომ საქართველოში ზოგჯერ დაუჯერებელია, პატარა და ახლად შექმნილი პარტიები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას – „მაგრამ ჩვენ არავის ვეკითხებით, არავის დირექტივას არ დაველოდებით. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აქ შემოსვლა იყო სწორი მემორანდუმისა და 4 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ“.


ელისაშვილმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. ამის წინაპირობა კი „ოცნებასთან“ დადებული მემორანდუმია. მემორანდუმის მთავარი ნაწილი ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვაა.

წაიკითხეთ ვრცლად:

“შევთანმხდით და ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში” — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი