ახალი ამბები

“შევთანმხდით და ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში” — ელისაშვილი

29 იანვარი, 2021 • 1245
“შევთანმხდით და ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში” — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

ამის შესახებ მან პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, რჩება თუ არა თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ, ელისაშვილი პასუხობს, რომ არა. მან ის საარჩევნო საკითხები ჩამოთვალა, რის შესახებაც “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმდა. ესენია:

“ელექტრონული არჩევნების წესი ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის,  იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას პრესკონფერენციას 05 საათის შემდეგ.

ამ პროექტის მიხედვით, სამი კამერა იქნება, სადაც ლაივსტრიმი იქნება ყველა საარჩევნო უბნიდან. 3800 უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი ისე, რომ ოფისებიდან შეუძლიათ ადამიანებს დააკვირდნენ. [კოორდინატორების მობილიზებისთვის] გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე, ცესკოში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა, არამედ შვიდივე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკოს თვამჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმებული საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, ხოლო ამ საკითხების განხილვა პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.  როგორც ელისაშვილი ამბობს, თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც  პარლამენტში შევლენ, ისე გამოვლენ ერთი თვის განმავლობაში.

მისი თქმით, “ორმა კაცმა რაც შეძლო, მაქსიმუმი “გამოგლიჯა “ქართულ ოცნებას”.

“ბარიერის დაწევაც საკითხია, აქ ბარიერზეც არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აქ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სამი საკითხი თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ და საარჩევნო საკითხები წამოვიღეთ. ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ “ქართულ ოცნებას” და დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატი გარეთ დარჩენილი და ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკნონ და იმათაც იმუშაონ”, — განცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელ შეხვედრისას ამ საკითხე საუბარზე უარი განაცხადა.

“გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტპატიმრებზე არასდროს ძალ-ღონე არ დაგვიკლია. დღეს ამ საკითხზე საუბარზე საერთოდ უარი განაცხადეს. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ”, — განაცხადა იოსელიანმა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, რათა დანარჩენ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი