ახალი ამბები

პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას — ადვოკატი მელაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

2 თებერვალი, 2021 • 1149
პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას — ადვოკატი მელაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება მელაშვილისთვის ტექნიკის მაღაზიაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე.

ადვოკატის განმარტებით, მელაშვილს პირისპირ შეურაცხყოფა  მიაყენეს, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის.

“ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ”, — წერს მშვენიერაძე “ფეისბუქზე”.

ივერი მელაშვილს, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამო იყო დაკავებული და რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ტექნიკის მაღაზიაში თავს სიტყვიერად დაესხნენ. შემთხვევა დღეს, პირველ თებერვალს მოხდა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოს “ფორმულას” თანამშრომელი სოფო სამუშია ავრცელებს. მისი თქმით, მაღაზიის დაცვა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ივერი მელშვილმა მაღაზია დატოვა.

თავად ივერი მელაშვილი კი მასზე სიტყვიერ თავდასხმას მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უკავშირებს.

ინციდენტს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც და თქვა, რომ არანაირი თავდასხმა მისაღები არ არის. მისივე  თქმით, დღევანდელ სიტუაციაში წარმოუდგენელია “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იმის თქმის საშუალებას იძლეოდეს, რომ ხელისუფლება  ვიღაცას ახალისებდეს.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი